მოკრივე ლაშა გურულმა ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პარიზის ოლიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს საქართველო ოლიმპიურ სარბიელზე მხოლოდ მოკრივე, ლაშა გურულით (63.5 კგ) იყო წარმოდგენილი.
საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერს ნახევარფინალში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ კუბელ ერისლანდი ალვარესთან მოუწია დაპირისპირება.
სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის და ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი ქართველი მოკრივე კუბელ მეტოქესთან სამი რაუნდის ჯამში 5-0 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ გურულმა მეოთხედფინალში გასვლით გაინაღდა ბრინჯაოს მედალი. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველ მოკრივეთაგან ბოლოს, ვინც ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ავიდა ვლადიმერ ჭანტურია იყო. ქართველმა მოკრივემ სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 91 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობას 6 აგვისტოს განაახლებს. ასპარეზობას შეუდგება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წარმომადგენელი რობერტ კობლიაშვილი (97 კგ).