რობერტ კობლიაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

06 აგვისტო 2024

პარიზში, მარსის ველზე, სადაც ძიუდოისტთა ოლიმპიურ ასპარეზობას მასპინძლობდნენ, ესტაფეტა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩაიბარეს. შეჯიბრში ჩაერთო საქართველოს გუნდიც. 6 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ფალავანთაგან მხოლოდ რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) იყო წარმოდგენილი.

მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი მერვედფინალიდან ჩაერთო ასპარეზობაში, მაგრამ სამწუხაროდ, 1-9 დამარცხდა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ აბუბაკარ ხასლახანაუსთან.

კობლიაშვილს მედლისთვის ბრძოლის შანსს შეინარჩუნებდა, თუ მეტოქე ფინალამდე გაკვალავდა გზას, მაგრამ ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი მომდევნო შეხვედრაში დამარცხდა. შედეგად, რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიურ თამაშებს ნაადრევად დაემშვიდობა.
7 აგვისტოს ხალიჩაზე გავლენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები - რამაზ ზოიძე (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ). ასპარეზობას შეუდგებიან ძალოსნებიც. საქართველოდან ოლიმპიურ ფიცარნაგზე პირველი გავა შოთა მიშველიძე (61 კგ).