პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-12 საშეჯიბრო დღე ლაშა გურულის ბრინჯაოს მედალმა დააგვირგვინა
პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-12 საშეჯიბრო დღეს ქართველი ოლიმპიელები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ძალოსნობაში იყვნენ წარმოდგენილი, დღის ბოლოს კი საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერის, ლაშა გურულის დაჯილდოების ცერემონია შედგა, სადაც მას კუთვნილი ბრინჯაოს მედალი გადაეცა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლაშა გობაძე (87 კგ) ოლიმპიურ ხალიჩაზე გამოსვლას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში 2-1 დაამარცხა ალჟირელი ბაშირ სიდ აზარა და მეოთხედფინალში გავიდა.
სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონი და ამავე რანგის ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ევროპის ჩემპიონატების თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ფალავანი მეორე შეხვედრაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მესამე ადგილოსანთან, ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან ორთაბრძოლაში 3-8 დამარცხდა. ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსისთვის დამოკიდებული გახდა მეტოქის შემდგომ წარმატებაზე. ბულგარელმა ნახევარფინალური ბარიერი გადალახა, ფინალამდე გაიკვალა გზა და შესაბამისად, გობაძეს ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა. ასე რომ, 8 აგვისტოს ქართველ ფალავანს რეპეშაჟში ვიხილავთ.
გობაძეს ბრინჯაოს ნახევარფინალში დანიის წარმომადგენელი ტურპალ ალი ბისულტანოვი ეყოლება.
აღსანიშნავია, რომ ლაშა გობაძემ ოლიმპიური ლიცენზია ბელარუსი მოჭიდავის - კირილ მასკევიჩის თამაშებიდან ჩამოშორების შედეგად მიიღო.
წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან რამაზ ზოიძეს (67 კგ).
ქართველი ფალავანი ასპარეზში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც მას მეტოქეობას უწევდა ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ყირგიზი ამანტურ ისმაილოვი. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების წარმომადგენლისთვის ეს შეხვედრა დაუძლეველი აღმოჩნდა - 1-12 დამარცხდა.
ზოიძე მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად დამოკიდებული გახდა მეტოქის წინსვლაზე, მაგრამ ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი მომდევნო შეხვედრაში დამარცხდა. შედეგად, ქართველი ფალავანი ოლიმპიურ თამაშებს ნაადრევად დაემშვიდობა.
აღსანიშნავია, რომ რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მეხუთე ადგილზე დაასრულა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას შეუდგა საქართველოს ძალოსანთა ნაკრები. ოლიმპიურ ფიცარნაგზე პირველი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ასევე ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი შოთა მიშველიძე (61 კგ).
სამწუხაროდ, უმსუბუქესი წონის წარმომადგენელს მისთვის მეორე ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე დღით ადრე, მხარზე ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, რამაც მას მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა წაართვა. ასე რომ, პარიზულ ფიცარნაგზე მის გამოსვლას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
და მაინც, მიუხედავად ტრავმისა, შოთა მიშველიძემ ატაცისა (121 კგ) და აკვრის (135 კგ) ჯამში 256 კილოგრამი დაძლია და 12 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.
7 აგვისტო მედალოსან მოკრივეთა დაჯილდოების ცერემონიით დაგვირგვინდა. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერმა ლაშა გურულს (63.5 კგ), რომელმაც ნახევარფინალში გასვლით გაინაღდა ბრინჯაოს მედალი, კვარცხლბეკზე ასასვლელად ფინალამდე მოცდამ მოუწია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველ მოკრივეთაგან ბოლოს, ვინც ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ავიდა ვლადიმერ ჭანტურია იყო. ქართველმა მოკრივემ სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 91 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.
შედეგად, გურული ქართული კრივის მესამე წარმომადგენელია რამაზ ფალიანის (ბარსელონა-1992) და ვლადიმერ ჭანტურიას (სიდნეი-2000) შემდეგ, რომელმაც ოლიმპიური ჯილდო მოიპოვა.