გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს
საქართველოს დელეგაციისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის 10 აგვისტოს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ერთის მხრივ, ხალიჩაზე უნდა შესულიყო გენო პეტრიაშვილი, მეორეს მხრივ კი ფიცარნაგზე უნდა ასულიყო ლაშა ტალახაძე.
ორი ქართველი მძიმეწონოსანი მათთვის ზედიზედ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობდა. გენომ პირველ შემთხვევაში (რიო-2016) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მეორე ცდაზე - ვერცხლი (ტოკიო-2020). ლაშა თავისებურ რეკორდს უმიზნებდა - რიოს და ტოკიოს შემდეგ, მესამედ გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი.
ყველაფერი კარგად აეწყო. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მისთვის ზედიზედ მესამე თამაშებზე ატაცისა (215 კგ) და აკვრის (255 კგ) ჯამში 470 კილოგრამი დაიმორჩილა და კვლავაც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა.
მსოფლიო სპორტში ხუთი ძალოსანი იყო, რომლებსაც სამგზის ეზეიმათ ოლიმპიური ჩემპიონობა. მათ შორის არის საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი კახი კახიაშვილი. ასე რომ, სამგზის ჩემპიონთა თანავარსკვლავედს დღეიდან ლაშა ტალახაძეც შეუერთდა.
ისტორია დაწერა გენო პეტრიაშვილმაც - მესამე ცდაზე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ამასთან რიგით 38-ე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი!
ქართველმა ფალავანმა მედლისკენ სვლა 9 აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს დაასრულა. გადამწყვეტ შეხვედრაში დაეჭიდა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს და 10-9 გაიმარჯვა.
გარდა ამისა, დღეიდან ქართველი ფალავნის მედლების კოლექცია სამივე სინჯის მედალს ითვლის. ქართული სპორტის ისტორიაში კი ასეთ შედეგს პირველმა მიაღწია ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, შემდეგ - ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა.
ამასთან, მეორე მოხდა, როდესაც ერთ დღეს ორი ოლიმპიური ოქროს მედალი მოვიპოვეთ. პირველად ასეთი რამ პეკინის თამაშებზე მოხდა, როდესაც რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ჩემპიონობა იზეიმეს ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ.
10 აგვისტოს ჩვენს გუნდ კიდევ ერთი მედალოსანი შეემატება, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ).
ოლიმპიური თამაშების ახალბედა მონაწილემ პირველ შეხვედრაში იოლად - 12-2 დაამარცხა სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი ნიკოლას იოჰანეს დე ლანგი და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველ ფალავანს აქ მეტოქედ ერგო უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე.
მაჭარაშვილმა შეხვედრა იოლად - 11-0 მოიგო და ნახევარფინალური საგზური მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს, ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა წარმატებით გაიარა ნახევარფინალური ბარიერიც. ქართველმა ფალავანმა 5-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
დღესვე იასპარეზა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ).
ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება. პირველ მეტოქედ ჰყავდა სომხეთის წარმომადგენელი ვაზგან ტევანიანი. სამწუხაროდ, ქართველი ფალავანი 0-11 დამარცხდა და რეპეშაჟში ასპარეზობის შანსისთვის დამოკიდებული გახდა მეტოქის ფინალში გასვლაზე. ძებისაშვილს არც აქ გაუმართლა, რადგან სომეხი მოჭიდავე მეოთხედფინალში დამარცხდა.
ასევე მისთვის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა ატაცში 179 კილოგრამი დაძლია, აკვრაში - 214, ორჭიდის ჯამში კი 393 კილოგრამი დააგროვა და 13 მონაწილეს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. გასათვალისწინებელია, რომ ჩხეიძემ ასპარეზობისას მუხლის ტრავმა მიიღო, რამაც მის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.