გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია
პარიზის ოლიმპიური თამაშების დასკვნით დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) წარმოადგენდა.
მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს, ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ქართველმა ფალავანმა წინა დღეს დაწყებული საქმე 11 აგვისტოს ფინალში გააგრძელა.
სამწუხაროდ, ოლიმპიური თამაშების ახალბედა მონაწილემ გადამწყვეტ შეხვედრაში ბაჰრეინის წარმომადგენელ, მსოფლიო ჩემპიონ ახმედ ტაჟუდინოვთან დასანანი მარცხი განიცადა და ოლიმპიური თამაშები ვერცხლის მედლით დაასრულა.
შედეგად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოთხკაციანი გუნდიდან ორმა მედალი მოიპოვა. ერთი დღით ადრე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი.
მთლიანად, საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით ისტორიულ შედეგს მიაღწია - მედლების საერთო ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა.