პარიზში ისტორია დაიწერა. წინ ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშებია

11 აგვისტო 2024

პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. გახსნისგან განსხვავებით, მასპინძლებმა ცერემონია სტადიონზე, ამ შემთხვევაში კი „სტად დე ფრანსზე" დააბრუნეს, ერთ სივრცეში ჩაატარეს და როგორც ამას ოლიმპიური პროტოკოლი ითვალისწინებს, წარმოადგინეს როგორც ამჟამინდელი მასპინძელი საფრანგეთის, ისე მომავალი ოლიმპიური თამაშების მასპინძლის, აშშ-ის კულტურა. წარდგნენ ოფიციალური პირები: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ტონი ესტანგე. დამსწრეთ მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

დახურვის ცერემონიის რეჟისორი, ისევე როგორც გახსნაზე, ტომას ჟოლი იყო. ამჯერად სანახაობა შედარებით მოკრძალებული იყო, მაგრამ უფრო თავისუფალი და მხიარული, როგორც ეს ჩვეულებისამებრ ხდება.

რა თქმა უნდა, აქაც დიდი დრო დაეთმო მონაწილე ქვეყანათა სახელმწიფო დროშების თავისებურ აღლუმს. დახურვის ცერემონიაზე საქართველოს დროშის ტარების პატივი ხვდა ოლიმპიურ ჩემპიონს გენო პეტრიაშვილს.

დაეშვა ოლიმპიური დროშა, რომელიც თომას ბახმა პარიზის მერს, ან იდალგოს გადასცა, მან კი XXXIV ოლიმპიური თამაშების მასპინძელ  ლოს ანჯელესის მერს, კარენ ბასს. იყო ერთი სიურპრიზიც, „სტად დე ფრანსის" სახურავზე ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი გამოჩნდა, რომელიც კასკადიორული ნახტომით სცენაზე დაეშვა. ლოს ანჯელესის მერმა, რომელიც ამავე სცენაზე მსოფლიო ტანვარჯიშის ამერიკელ ვარსკვლავ, შვიდგზის ოლიმპიურ ჩემპიონ სიმონა ბაილსთან ერთად იყო, ოლიმპიური დროშა ტომ კრუზს გადაულოცა, მან კი მოტოციკლით პარიზის ქუჩებს მიაშურა, საიდანაც ტელემონტაჟური ხრიკით ლოს ანჯელესის ქუჩებშიც გადაგვისროლეს. 2028 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქმა ამერიკული კულტურა როკის, პოპის და რეპის მუსიკალური ნომრებით და პირდაპირი ჩართვებით შემოგვთავაზა, სხვა დანარჩენი კი მომავალი თამაშების გახსნის ცერემონიისთვის შემოინახა.

დახურვის ცერემონიის სევდანარევი კულმინაცია იყო ოლიმპიურ ლამპარში თომას ბახის და ოლიმპიური თამაშების რამდენიმე ვარსკვლავის დახმარებით ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობა.

პარიზის ოლიმპიური თამაშები ისტორიის საკუთრება გახდა. 2024 წლის თამაშები ოქროს ასოებით ჩაეწერა ქართული სპორტის ისტორიაში. ქართველმა ოლიმპიელებმა სამჯერ ააჟღერეს ჰიმნი. მესამედ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა ლაშა ტალახაძემ და ერთგვარი რეკორდის თანაავტორიც გახდა. მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში ლაშა ტალახაძე რიგით მეექვსეა, ვინც მესამედ შეძლო გამხდარიყო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

ისტორია დაწერა ლაშა ბექაურმაც. მან მისთვის მეორე ოლიმპიური თამაშები მოიგო და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ორჯერ შეძლო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. ამასთან, ბექაურის პარიზული ოქროს მედალი ქართული ძიუდოსთვის მერვეა.

ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების შემდეგ, მისთვის ზედიზედ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა მოიპოვა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა გენო პეტრიაშვილმა. მძიმეწონოსანი ფალავანი მესამე ქართველი ოლიმპიელია, რომლის მედლების კოლექციასაც უკვე სამივე ხარისხის ოლიმპიური მედალი ამშვენებს. ამასთან, გენო  გახდა რიგით 38-ე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი!

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდათ ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს და ილია სულამანიძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილს. ჩვენი გუნდის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  ლაშა გურულმაც. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.  საგულისხმოა, რომ ქართველ მოკრივეთაგან  ბოლო ოლიმპიური  მედალი (ასევე ბრინჯაო) ვლადიმერ ჭანტურიას ჰქონდა აღებული. ეს მოხდა სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000).

კვარცხლბეკზე არ ასულა, მაგრამ რეკორდი დაამყარა ტყვიის სროლაში სამივე ხარისხის ოლიმპიური მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ - გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მეათე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. ამ უდიდესი მიღწევისთვის ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუჩანო როსიმ ნინო სალუქვაძე საგანგებოდ დააჯილდოვა.

მართალია, ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში ყველაზე მცირერიცხოვანი გუნდით წარვდექით ოლიმპიურ სარბიელზე, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ვასპარეზობთ, საუკეთესო შედეგს (3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) მიაღწია - მედლების საერთო ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა.