აკაკი ჯინჭარაძემ პარიზის პარალიმპურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პარიზის პარალიმპურ თამაშებზე გათამაშებული მედლების ბოლო კომპლექტიდან ბრინჯაოს მედალი საქართველოსაც ერგო. პარა ძალოსანმა აკაკი ჯინჭარაძემ (პარა წოლჭიმი - 107 კგ), რომელიც პარიზულ ფიცარნაგს ევროპის ჩემპიონის რანგში ეწვია, შედეგიანად იასპარეზა და საქართველოს მონაგარი ცხრა მედლამდე გაზარდა.
აკაკი ჯინჭარაძემ სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, თავდაპირველად 238 კილოგრამი დაძლია, შემდეგ 244 და ბოლოს 250 კილოგრამიც დაიმორჩილა, რამაც მას მესამე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა მისცა.
საქართველოს პარალიმპურმა გუნდმა, რომელიც პარიზის XVII პარალიმპურ თამაშებს სპორტის 6 სახეობაში (პარა სროლა, პარა წოლჭიმი, პარა ძიუდო, პარა მძლეოსნობა (შუბის ტყორცნა, ბირთვის კვრა), ეტლით ფარიკაობა, პარა ტაეკვონდო) 14 პარა ათლეტით ეწვია, 9 მედალი მოიპოვა. მათ შორის, ჩემპიონობა იზეიმა გიგა ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53 კატეგორია), ვერცხლის მედლებით დაასრულეს გამოსვლა ვლადიმერ ჭინჭარაულმა (ტყვიის სროლა, R9 კატეგორია), ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა, რევაზ ჭიკოიძემ, (სამივე პარა ძიუდო, J2 კატეგორია), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ანა ჯაფარიძემ (პარა ტაეკვონდო, K44 კატეგორია), ნინო თიბილაშვილმა (ეტლით ფარიკაობა, A კატეგორია), ინა ქალდანმა (პარა ძიუდო, J2 კატეგორია) და აკაკი ჯინჭარაძემ ( პარა წოლჭიმი).
აღსანიშნავია, რომ საქართველომ მოპოვებული მედლების რაოდენობით პარალიმპური თამაშების რეკორდი დაამყარა. აქამდე საუკეთესო შედეგი იყო ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე მოპოვებული 3 ვერცხლის მედალი.
საქართველოს ნაკრები 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით ქვეყნების საერთო ჩათვლაში 51-ე ადგილზე გავიდა.