ემზარ ზენაიშვილის საიუბილეო საღამო
30 სექტემბერს სასტუმრო ,, ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის, ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის დაბადების 80 წლის საიუბილეო თარიღთან მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, სპორტული საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართული სპორტის და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს იუბილარის მიერ ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილ წვლილზე, სპეციალური საჩუქრები გადასცეს ემზარ ზენაიშვილს.
საიუბილეო საღამოზე გაიმართა პაატა ნაცვლიშვილის რედაქტორობით და ემზარ ზენაიშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის - „ემზარ ზენაიშვილი 80 წელი კითხვა-პასუხებსა და ფოტოებში" - პრეზენტაცია.
საღამოს უძღვებოდა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
ემზარ ზენაიშვილის წვლილი და დამსახურება დიდია ქართული სპორტის წინაშე. 1989 წელს, სეოკის შექმნის თანამოაზრეების მცირე ჯგუფს ერთ-ერთი პირველი შეუერთდა და იმ დღიდან მოყოლებული, აგერ უკვე 35 წელიწადი გავიდა რაც ერთი დღეც არ უცხოვრია საქართველოში ოლიმპიზმის განვითარება-წინსვლაზე ზრუნვის გარეშე. როგორც სეოკ-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მუდამ დგას დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიელების გვერდით ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სეოკ-ს წარმოადგენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიებსა და კონგრესებზე.