სეოკ-ის საიუბილეო საანგარიშო-საარჩევნო სესია

15 ნოემბერი 2024

სასტუმრო ,,ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო, საანგარიშო-საარჩევნო სესია, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

სესიაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

სესიის დელეგატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2024 წელს გარდაცვლილ სპორტულ მოღვაწეთა და სპორტსმენთა ხსოვნას.

დამსწრე საზოგადოებას სეოკ-ის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ისაუბრა სეოკ-ის როლსა და მნიშვნელობაზე ქართულ სპორტში, გაიხსენა მთავარი ამბები და მოვლენები, ათწლეულების განმავლობაში სეოკ-ის მიერ გაწეული საქმიანობის მნიშვნელოვანი მომენტები.

ლერი ხაბელოვმა ასევე ისაუბრა 2024 წლის მთავარ სპორტულ შეჯიბრებებში, პირველ ყოვლისა კი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე მომდევნო ოთხწლიან ოლიმპიურ ციკლში. მან მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ხაზი გაუსვა მთავრობის მზარდი მხარდაჭერის მნიშვნელობას ქართული სპორტის შემდგომი განვითარებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა 35 წლის წინ, 1989 წლის 6 ოქტომბერს, 1993 წელს კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი გახდა. იქიდან მოყოლებული, საქართველო დამოუკიდებლად მონაწილეობს საერთაშორისო ოლიმპიურ შეჯიბრებებში, ყველა მნიშვნელოვან ოლიმპიურ ფორუმში. სეოკ-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომზადდა ჟურნალისტ თამარ ბალავაძის ავტორობით შექმნილი 35 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია. ასევე გამოიცა საიუბილეო კრებული, ფოტოალბომი და წიგნი „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია."

2025 წლის თებერვალში საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაცია მზადების მიმდინარეობის შესახებ სესიის მონაწილეებს გააცნო ბაკურიანი 2025 ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა.

დღევანდელ სესიაზე აირჩიეს სეოკ-ის საპატიო წევრები -თენგიზ გაჩეჩილაძე, პაატა ნაცვლიშვილი, დავით კაკაბაძე, მამუკა ფაჩუაშვილი, ვაჟა კაჭარავა, ემზარ ზენაიშვილი. ასევე დაჯილდოვდნენ სეოკ-ის ღვაწლმოსილი თანამშრომლები - ნინო გოგუაძე, ტატიანა წერეთელი, რუსუდან აფციაური და თემურ წივილაშვილი.

შემდეგ გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნები, 15 ნოემბრის საარჩევნო სესიაზე იყო სეოკ-ის პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი -სეოკ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი, 5-გზის მსოფლიოს და 4-გზის ევროპის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი. შესაბამისად, სეოკ-ის წესდების მიხედვით და სესიის დელეგატების გადაწყვეტილებით, გაიმართა ღია კენჭისყრა.

სესიის დელეგატებმა მეოთხე ვადით ნდობა გამოუცხადეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ლერი ხაბელოვს.

სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დელეგატებს გამოცხადებული ნდობისთვის:

კოლეგებო, მეგობრებო,

პირველ რიგში, გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მორიგჯერ ჩემი არჩევისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის შემდგომი განვითარებისთვის. ჩემს გუნდთან ერთად ძალღონეს არ დავიშურებ, რომ ის მიღწევები სპორტში, რომელიც ბოლო წლებში ძალზე თვალსაჩინო იყო, კიდევ უფრო წარმატებული იყოს. მე კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ის მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვგრძნობთ საქართველოს მთავრობისგან, ჩვენგან ითხოვს კიდევ უფრო მეტ მობილიზებას, მეტ ენერგიას და მეტ თავდადებას. ქვეყნის ხელისუფლების სპორტსმენებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მკაფიო მაგალითია სპორტის სამინისტროს შექმნა. მადლობის მეტი რა გვეთქმის, რომ სპორტის მუშაკებისა და სპეციალისტების ხმა ოპერატიულად იქნა მოსმენილი და საკითხი კი - დადებითად გადაწყვეტილი. ვიმედოვნებ, რომ სპორტის მომავალ მინისტრთან - შალვა გოგოლაძესთან ერთად, ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის ეროვნული ფედერაციები, სპორტთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურები ქართველ სპორტსმენებთან ერთობლივად, ერთიანი ძალისხმევით, კიდევ მრავალჯერ გავახარებთ ქართველ ხალხს, სპორტის გულშემატკივრებს, ჩვენს ახალგაზრდობას.

მომავალი ოლიმპიური ციკლი კი ძალზე დატვირთული იქნება და წინ ახალი გამარჯვებები გველის.

სეოკ-ის პრეზიდენტმა სესიის დელეგატებს წარუდგინა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები. რომელთა კანდიდატურას მხარი დაუჭირეს სესიის დელეგატებმა.

ელგუჯა ბერიშვილი - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ნინო სალუქვაძე - ვიცე-პრეზიდენტი, ანზორ ჩუბინიძე - ვიცე-პრეზიდენტი, მამუკა ხაბარელი - ვიცე-პრეზიდენტი, ემზარ ზენაიშვილი -გენერალური მდივანი.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა:

1. ლერი ხაბელოვი

2. ელგუჯა ბერიშვილი

3. ნინო სალუქვაძე

4. ანზორ ჩუბინიძე

5. მამუკა ხაბარელი

6. შალვა გოგოლაძე

7. კონსტანტინე ლაშხი

8. ალექსი ახვლედიანი

9. კახი კახიაშვილი

10. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

11. მარიამ გიორგობიანი

12. რევაზ რობაქიძე

13. ლუკა კურტანიძე

14. გოგიტა არქანია

15. შალვა მაისურაძე

16. ირაკლი დოლაბერიძე

17. ვიქტორ სანიკიძე

 

საიუბილეო საარჩევნო-საანგარიშო სესიის დასრულების შემდეგ გაიმართა  სეოკ-ის ვერსიით 2024 წლის სპორტული შედეგებით  ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე , ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაჯილდოვდებიან წლევანდელი წლის ღვაწლმოსილი იუბილარები- რუსუდან სიხარულიძე, მაია აზარაშვილი, მარიამ გიორგობიანი, კონსტანტინე ლაშხი, ვახტანგ ბლაგიძე, თამაზ იმნაიშვილი, თემურ ჯაფარიძე, დემიკო ლოლაძე, გიორგი კანდელაკი, ალექსი დავითაშვილი.

სეოკ-ის პერსონალური ჯილდოთი ოლიმპიური თამაშების ფართოდ და პროფესიონალურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდნენ პირველი არხის ჟურნალისტები: გიორგი თვალაბეიშვილი, გიგა გვენცაძე და დავით ბანანაშვილი. 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ფოტომატიანეს შექმნისთვის ფოტოგრაფები - ხატია ჯიჯეიშვილი და ლაშა კუპრაშვილი. ოლიმპიური სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვენოლვანი წვლილისთვის - სილქ მედია ჯგუფი.

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებზე მოპოვებული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის სპეციალური პრიზით - ოლიმპიური ალი დაჯილდოვდნენ პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები - ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე, გივი მაჭარაშვილი და ლაშა გურული.

სეოკ-ის მიერ განსაზღვრული ნომინაციებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

2024 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები - ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი(თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა ტალახაძე ( ძალოსნობა).

2024 წლის საუკეთესო მწვრთნელებად - ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო), გიორგი იანტბელიძე ( თავისუფალი ჭიდაობა), გიორგი ასანიძე ( ძალოსნობა)

2024 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა)

2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - გიორგი მამარდაშვილი (ფეხბურთი)

2024 წლის აღმოჩენა - ,, ოლიმპიური იმედი" - მარიამ ფროდიაშვილი (ტყვიის სროლა)

2024 წლის აღმოჩენა - ,, ოლიმპიური იმედი"- გიორგი ჩხიკვაძე ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

2024 წელს ოლიმპიური თემატიკის საუკეთესო გაშუქებისთვის - საქართველოს პირველი არხი

2024 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი -კახაბერ მოცრაძე (ძიუდო)

2024 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის - სეოკ-ის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი)

2024 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია -სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია (ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე).