ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

04 მარტი 2025

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში, სადაც 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში  ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, საქართველოს ნაკრებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

შედეგიანი ასპარეზობა ჰქონდა გოგონათა ნაკრებს (მარიამ აბრამიშვილი, მარიამ მარშავა, მარიამ ფროდიაშვილი), რომელმაც გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატი ევროპის ახალგაზრდული რეკორდით - 1711 ქულით მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სამეული კონტინენტის პირველობაზე მოქმედი ჩემპიონის რანგით წარსდგა.

საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა პირადი პირველობაც - მარიამ აბრამიშვილი, რომელმაც 575 ქულით  საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო, საბოლოოდ ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ამავე დისციპლინაში მეხუთე ადგილზე გავიდა მარიამ მარშავა, ხოლო შარშანდელი ტრიუმფატორი მარიამ ფროდიაშვილი ამჯერად ფინალს მიღმა აღმოჩნდა.

მედლები გათამაშდა შერეულ წყვილებშიც. ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო მარიამ მარშავას და გიორგი მუმლაძის წყვილი, მაგრამ გადამწყვეტ  შეხვედრაში   უკრაინასთან დამარცხდა.

შერეულ წყვილებში საქართველო ასევე წარმოდგენილი იყო მარიამ ფროდიაშვილის და შოთა სუმბაძის წყვილით. მათ გამოსვლა მე-12 ადგილზე დაასრულეს.

საქართველო ოსიეკის ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა გუნდითაც (შოთა სუმბაძე, გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია) იყო წარმოდგენილი, მაგრამ სამწუხაროდ, სახარბიელო შედეგი ვერ აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ჩვენმა ახალგაზრდებმა ამავე რანგის შეჯიბრებაზე 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.