სოკის ახლად არჩეული პრეზიდენტი კირსტი ქოვენთრი: ოლიმპიურ მოძრაობას შესწევს ძალა წარმოაჩინოს კაცობრიობის საუკეთესო მხარე

07 აპრილი 2025

კირსტი ქოვენთრი 9 წლის იყო, როდესაც პირველად იხილა  გლობალური სპორტული მოვლენა, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა და ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა.

ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში, პატარა გოგონა გატაცებით ადევნებდა თვალს 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ტელერეპორტაჟებს.

ესპანეთის ქალაქის ულამაზესი საცურაო არენა და თვალწარმტაცი პეიზაჟები ბავშვის შთაგონების წყაროდ იქცა მისი მომავალი ოლიმპიური საცურაო კარიერის დიდ გზაზე, რამაც საბოლოოდ მიიყვანა ის მსოფლიო სპორტის უმაღლეს პოზიციამდე. 

„ბარსელონამ რაღაც განსაკუთრებულად მომხიბლა, "- იხსენებს ის. „მშობლებს ვუთხარი: ,,ერთ დღეს ოლიმპიურ თამაშებზე მინდა წასვლა და ზიმბაბვესთვის ოქროს მედლის მოგება." მათ უბრალოდ გამიღიმეს და მითხრეს: "ეს ბევრ შრომასა და თავგანწირვას მოითხოვს."

ქოვენთრი ხუთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა და შვიდი მედალი მოიპოვა, მათ შორის ორი ოქროსი, რამაც ის აფრიკის ყველაზე ტიტულოვანი ოლიმპიელი გახადა. თუმცა, ყველაზე დიდი ცვლილება მან აუზს მიღმა მოახდინა.

2025 წლის 20 მარტს, ქოვენთრი  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მე-10 პრეზიდენტად აირჩიეს საბერძნეთის კოსტა ნავარინოში გამართულ 144-ე სესიაზე.  41 წლის ასაკში ის გახდა პირველი ქალი და პირველი აფრიკელი, რომელიც 131-წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.

„ეს განსაკუთრებული მომენტია," - განაცხადა ქოვენთრიმ, როდესაც  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოქმედმა პრეზიდენტმა თომას ბახმა კენჭისყრის შედეგები გამოაცხადა. „9 წლის გოგონა რომ ვიყავი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე აქ ვიდგებოდი  ოლიმპიური მოძრაობას სამსახურში."

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს  მისი დაფუძნებიდან 1894 წელს, ცხრა მამაკაცი ხელმძღვანელობდა - რვა ევროპელი და ერთი ამერიკელი. ქოვენთრი, რომელიც მხოლოდ მეორე ქალი იყო, ვინც ამ პოსტის დასაკავებლად იბრძოდა, პირველივე ტურში გაიმარჯვა 97-დან 49 ხმით.

„ეს მართლაც ძლიერი მესიჯია, რომ ჩვენ ნამდვილად გლობალური ორგანიზაცია ვართ, რომელიც მზადაა მრავალფეროვნებისთვის," - აღნიშნა მან.

ქოვენთრი 1983 წლის 16 სექტემბერს ჰარარეში დაიბადა. ცურვა ორწლინახევრის ასაკში დედამ და ბაბუამ ასწავლეს. 6 წლისა შეიყვანეს  პირველად საცურაო კლუბში  და მალევე გამოავლინა შეჯიბრისადმი განსაკუთრებული ჟინი.

ზამთრობით, შიდა აუზების არარსებობის გამო, სხვა სპორტითაც იყო დაკავებული, მათ შორის ბალახის ჰოკეით, მძლეოსნობითა და ჩოგბურთით, მაგრამ ცურვა მის მთავარ მოწოდებად დარჩა.

„ცურვა ჩემი უსაფრთხო სივრცე იყო," - ამბობს ქოვენთრი. „სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ არასოდეს ვიყავი საუკეთესო მოსწავლე. აუზზე კი საკუთარი თავის პოვნა შევძელი."

14 წლის ასაკში ჰოკეის გამო მიღებულმა ტრავმამ მისი  სრული კონცენტრირება მოახდინა ცურვაზე. 16 წლის ასაკში მან 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური  თამაშების ლიცენზია მოიპოვა.   „ზიმბაბვედან ასე შორს  გეზის აღება და აუზზე გასვლა ცოტა შიშისმომგვრელად ჩანდა," - იხსენებს ის.

მიუხედავად იმისა, რომ სიდნეიში  მედალი არ მოუპოვებია, ქოვენთრი გახდა პირველი ზიმბაბველი მოცურავე, რომელიც ოლიმპიურ ნახევარფინალში გავიდა, თუმცა, მისი ყველაზე ძვირფასი მოგონება უკავშირდება არა აუზს, არამედ ოლიმპიურ სოფელს, სადაც მან მუჰამედ ალი გაიცნო აღტაცებული სპორტსმენების გარემოცვაში, რომლებიც მასთან მისვლას ცდილობდნენ.

„ამ მომენტმა ჩემში რაღაც აანთო," - ამბობს ის.

ქოვენთრის დიდი გარდატეხა ოთხი წლის შემდეგ მოხდა, 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მან სამი მედალი მოიპოვა, მათ შორის ზიმბაბვეს პირველი ინდივიდუალური ოქროს მედალი 200 მეტრზე ზურგზე ცურვაში.

„პოდიუმზე დადგომა თითქმის სიზმარივით იყო," - იხსენებს ის. „ვფიქრობდი იმაზე, რომ 9 წლის ასაკში ვოცნებობდი ამ დღეზე და 21 წლისას ის რეალობად მექცა."

ზიმბაბვეში დაბრუნებისას მას გმირის შესაფერისი  დახვედრა მოუწყვეს, რაც იმ დროს შიდა დაპირისპირებით გახლეჩილი ქვეყნისთვის მეტად სიმბოლური გახდა.

„ზიმბაბველები მადლობას მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ, ,,ჩვენ შენით ვამაყობთ.'' ამან დამანახა, თუ რა ძლიერია სპორტი ბარიერების დასამსხვრევად  და ადამიანების გასაერთიანებლად."

ეს იყო მოგონება, რომელმაც ქოვენთრის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საპრეზიდენტო კამპანია განსაზღვრა - მესიჯი, რომელიც მან იანვარში სოკ-ის  წევრებს წარუდგინა.

„სპორტის ტრანსფორმაციული ძალა - ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს პირადად განვიცადე და საკუთარი თვალით ვნახე, ამიტომ მჯერა ამის," - განაცხადა მან. „იმ დროს, როდესაც ჩვენი სამყარო ასე გაყოფილია, ოლიმპიურ მოძრაობას უნარი შესწევს კაცობრიობის გასაერთიანებლად, ნდობის აღსადგენად და მისი საუკეთესო მხარის წარმოსაჩენად."

ქოვენთრიმ 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის მეორე ოქრო 200 მეტრი ზურგზე ცურვაში და სამი ვერცხლის მედალი. მან ასევე იასპარეზა 2012 წლის ლონდონისა და 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, ვიდრე კარიერას დაასრულებდა შვიდი ოლიმპიური მედლით - რაც აფრიკელი სპორტსმენისთვის საუკეთესო შედეგია.

ქოვენთრის წარმატების ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორს წარმოადგენდა ოლიმპიური სოლიდარობის სტიპენდია. 17 წლის ასაკში მან დატოვა ჰარარე და სწავლა ალაბამას ობურნის უნივერსიტეტში (აშშ) განაგრძო, სადაც „ტაიგერსის" საცურაო გუნდი მისი თაოსნობით  სამჯერ  მიიყვანა NCAA ჩემპიონის ტიტულამდე - 2002, 2003 და 2004 წლებში. 2006 წელს კი ობურნის უნივერსიტეტი დაამთავრა სასტუმროებისა და რესტორნების მართვის ხარისხით.

„ობურნში წასვლამ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა და ცხოვრების გზამკვლევი გახდა," - აღნიშნა ქოვენთრიმ. „ჩემი თანაგუნდელები მთელი ცხოვრების მეგობრებად და ოჯახად იქცნენ."

ქოვენთრი 2013 წელს გაერთიანდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში  სპორტსმენის რანგში. ის ხელმძღვანელობდა სპორტსმენთა კომისიას. 2018-2021 წლებში საქმიანობას ეწეოდა აღმასრულებელ საბჭოში. 2021 წელს იგი ინდივიდუალურ წევრად აირჩიეს, ხოლო 2023 წელს  კვლავ აღასრულებელ საბჭოში დაბრუნდა.

ამასთანავე, ქოვენთრი თავდაუზოგავად მუშაობდა მისი ხალხის დასახმარებლად ზიმბაბვეში. მან დააფუძნა თავისი სახელობის აკადემია (Kirsty Coventry Academy), სადაც ბავშვებს ცურვას ასწავლიდა. ასევე  თავის  მეუღლესთან ტაირონ სიუარდთან ერთად შეიმუშავა ე.წ. გმირთა პროგრამა (HEROES), რომელიც მიზნად ისახავდა 6-13 წლის ასაკის ბავშვებისთვის სპორტში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

2018 წელს ქოვენთრი დაინიშნა ზიმბაბვეს ახალგაზრდობის, სპორტის, ხელოვნებისა და გაჯანსაღების მინისტრად, სადაც შეიმუშავა საკანონმდებლო რეფორმები მატჩების გარიგების, სპორტში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, კირსტიმ  ოჯახურ ცხოვრებასაც მიუძღვნა თავი, ის და სიუარდი 2010 წელს დაქორწინდნენ, 2019 წელს კი პირველი ქალიშვილი შეეძინათ. 2024 წელს დაიბადა მეორე ქალიშვილი, სწორედ მაშინ, როცა ქოვენთრი აქტიურად იყო ჩართული IOC-ის პრეზიდენტობის საარჩევნო კამპანიაში.

„ჩემი უმცროსი გოგონა სწრაფად შეეჩვია ამ ყველაფერს," - ამბობს ქოვენთრი. „ის ჩემთან ერთად მოგზაურობს ოთხი კვირის ასაკიდან. თავისუფალ დროს მეუღლესა და შვილებთან ერთად ვატარებ."

საბერძნეთში, IOC-ის პრეზიდენტად არჩევის დროს,  ოჯახი მის  გვერდით იყო. პირველმა, კირსტის 5 წლის ქალიშვილმა მიულოცა.

„ჩემმა პატარა გოგონამ მოირბინა და მითხრა: ,,დედა, შენ გაიმარჯვე!"

IOC-ის პრეზიდენტობისა და დედობის დაბალანსება გამოწვევაა, მაგრამ ახლად არჩეული პრეზიდენტი ამას ღირსეულად გაართმევს თავს.

„მინდა, რომ ჩემმა გოგონებმა იცოდნენ, როცა გაიზრდებიან  შეუძლიათ იყვნენ ის, ვინც სურთ, და მიაღწიონ იმას, რაც სურთ, ისევე როგორც ეს მათმა დედამ შეძლო"- განაცხადა მან.