რამაზ ზოიძემ და ვახტანგ ლოლუამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

12 აპრილი 2025

ბრატისლავაში, სადაც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრებიდან მედლები მოიპოვეს ვახტანგ ლოლუამ და რამაზ ზოიძემ.

ლოლუამ, რომელიც უმსუბუქეს წონაში - 55 კილოგრამში გამოდის, მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა კვარცხლბეკზე ასვლით აღნიშნა. ქართველი ფალავანი ჩემპიონატში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. მოუგო უკრაინელ მეტოქეს და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ მომავალ ფინალისტთან, აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა. ვახტანგ  ლოლუას ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა. ახალბედამ შესაძლებლობა გამოიყენა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სომეხი მანველ ხაჩატრიანი იოლად - 8-1 დაამარცხა.

ერთგვარი დებიუტი ჰქონდა რამაზ ზოიძესაც. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა მისთვის ახალ, 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალამდე გაიკვალა გზა. მოუგო ესპანელ, ჩეხ, თურქ და შვედ მეტოქეებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრა დათმო სომეხ მალხაზ ამოიანთან, რომელმაც თავის მხრივ, მეოთხედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა. რამაზ ზოიძეს ვერცხლის მედალი გადაეცა.