გიორგი სარდალაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

პოდგორიცაში (მონტენეგრო), სადაც ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, დებიუტშივე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთაგან წარმატებული დღე ჰქონდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გიორგი სარდალაშვილს (-60 კგ). უმსუბუქესი წონის წარმომადგენელი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში ვაზარით მოუგო უნგრელ მარტონ ანდრაშის, შემდეგ კი იპონით დაამარცხა სომეხი აშიკ ანდრეიანი. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში გაფრთხილებების ხარჯზე გადალახა ესპანელი ფრანცისკო გარიგოსის ბარიერი, საჩემპიონო შეხვედრაში კი, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, იუკოთი მოუგო IJF -ის დროშის ქვეშ მოასპარეზე აიუბ ბლიევს და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.
დღესვე ტატამზე გავიდნენ ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), თემურ ნოზაძე (-66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (-48 კგ), მაგრამ ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.