ოლიმპიურ მუზეუმში სახელოვანი ძიუდოისტის თემურ ხუბულურის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

24 აპრილი 2025

დღეს ოლიმპიურ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით გაიმართა ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის 2-2 გზის ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის - თემურ ხუბულურის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და თემურ ხუბულურის განვლილ წარმატებულ სპორტულ კარიერაზე ისაუბრა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სახელოვანი ძიუდოისტი - თემურ ხუბულური სპეციალური დიპლომით და ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, ვეტერანი სპორტსმენები, სპორტული საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

თემურ ხუბულური: ძიუდოისტი (95 კგ). ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (1979, 81), მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (1980), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1976, 77) და ვერცხლის პრიზიორი (1981), ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 82), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1979), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.