ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

24 აპრილი 2025

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა  ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. იუკოთი დაამარცხა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი დარია კურბონმამადოვა, წმინდა გამარჯვება მოიპოვა შვეიცარიელ ბინტა ნდიაიესთან,იუკოთი დაამარცხა ისრაელელი ტიმნა ნელსონ ლევი და ფინალში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ სამწუხაროდ, ვაზარით დამარცხდა გერმანელ სოია ბალხაუსთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ამავე წონაში გამოდიოდა ნინო ლოლაძე, მაგრამ ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

ბრინჯაოს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა საქართველოს ნაკრების ყველაზე გამოცდილ წევრს, ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელ ლაშა შავდათუაშვილს (-73 კგ) - მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგ ჯოან-ბენჯამინ გაბასთან ოქროს ქულამდე მისულ შეხვედრაში, რომელიც 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, ფრანგის იპონით დასრულდა.

საგულისხმოა, რომ შავდათუაშვილს მარათონული მეოთხედფინალი ჰქონდა კოსოვოელ აკილ გიაკოვასთან - ოქროს ქულამდე გაგრძელებული მათი დაპირისპირება 16 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა და ქართველის იუკოთი დასრულდა. კოსოვოელთან შეხვედრამ თავისი დაღი დაასვა ნახევარფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დაპირისპირებას, სადაც შავდათუაშვილი ვაზარით დამარცხდა.

ერთი დღით ადრე ევროპის  ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ).