ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

26 აპრილი 2025

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ილია სულამანიძემ (-100 კგ) ჯერ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, იქ კი აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა.

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის მედალოსანი ქართველი ძიუდოისტი ჩემპიონატში მერვედფინალიდან ჩაება. მოუგო ჩეხ, იტალიელ და IJF-ის დროშით მოასპარეზე მეტოქეებს და ფინალში, პარიზის ოლიმპიური თამაშების მსგავსად, მეტოქედ აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევი ერგო. ამჯერად წარმატებას სულამანიძემ მიაღწია - მეტოქეს იუკოთი მოუგო და კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონობა  იზეიმა.

ილია სულამანიძის ასპარეზობამდე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაც ჩატარდა - ევროპის ჩემპიონატის მომავალი მასპინძლისთვის დროშის გადაცემის ოფიციალური ცერემონია. 2026 წელს კონტინენტის პირველობას თბილისი მიიღებს, დროშა კი საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ ჩაიბარა.

დღესვე ტატამზე გავიდნენ გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), მაგრამ ევროპირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრებმა პოდგორიცას ევროპის ჩემპიონატი ორი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედლით დაასრულა. ჩემპიონი გახდა ასევე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ). ვერცხლის მედლებით დაასრულეს გამოსვლა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).