საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეულ გუნდურში მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა

27 აპრილი 2025

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირად პირველობაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გუნდურში იასპარეზა და აქაც წარმატებას მიაღწია.

საქართველოს ნაკრებმა (ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი, მარიამ ჭანტურია, ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ლუკა მაისურაძე, გურამ თუშიშვილი) პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის გუნდი 4-0 დაამარცხა, შემდეგ 4-1 მოუგო ავსტრიას და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე დამაჯერებლად - 4-0 დაამარცხა გერმანია და ფინალში იტალიასთან ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. საქართველოს შერეული გუნდი აქაც საუკეთესო აღმოჩნდა - იტალია დაძაბულ შეხვედრაში 4-3 დაამარცხა და ისტორიაში მესამედ ჩემპიონობა იზეიმა (ადრე, როცა კაცთა გუნდური პირველობა ცალკე ტარდებოდა, ჩვენს ნაკრებს არაერთხელ გაუმარჯვია კონტინენტის პირველობაში). აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდში გამოირჩნენ ქალი ძიუდოისტები, რომლებმაც ფინალში ოთხიდან სამი ბრძოლა მოიგეს. აქამდე საქართველოს ნაკრებს შერეულ გუნდურში ჩემპიონობა მოპოვებული ჰქონდა 2021 და 2023 წელს, 2024 წელს კი ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.