თეიმურაზ აფხაზავა - 70

27 აპრილი 2025

სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის, სეოკ-ის ვეტერანებთან მუშაობისა და სპორტსმენთა პოსტკარიერული ადაპტირების ხელშემწყობი კომისიის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის  ორგანიზებით სპორტულმა საზოგადოებამ ქუთაისში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონის, სპორტის რაინდისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქის-თეიმურაზ აფხაზავას 70 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება სპორტის  მუზეუმში  და სადღესასწაულო კომპლექს "პალადიუმის" სივრცეში მოეწყო.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს თასის მფლობელი, თეიმურაზ აფხაზავა - განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით და ოლიმპიური მედლით. აღნიშნული ჯილდო სახელოვან მოჭიდავეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გადასცა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და თეიმურაზ აფხაზავას საიუბილეო თარიღი მიულოცეს, ასევე გაიხსენეს აფხაზავას შთამბეჭდავი განვლილი სპორტული გზა სეოკ-ის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონებმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა და  სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.