ალექსანდრე ჩივაძე - 70

04 მაისი 2025

3 მაისს, საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის - ალექსანდრე ჩივაძის, 70 წლის საიუბილეო საღამო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, სახელოვანმა ფეხბურთელებმა ალექსანდრე გუცაევმა და რევაზ ძოძუაშვილმა.

ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლეგენდარული ფეხბურთელი - ალექსანდრე ჩივაძე სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და დაბადების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სეოკ-ის დიპლომით და სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა.

ალექსანდრე ჩივაძე - ფეხბურთში მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1980), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982), თბილისის დინამოს კაპიტანი, სსრკ ნაკრების კაპიტანი (26 მატჩი), სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი(1980), სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1980) საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარი მწვრთნელი (1993-96, 2001-03), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.