სამუშაო შეხვედრა სეოკ-ის კომისიათა წევრებთან
საერთაშორისო და კონტინენტალურ ოლიმპიურ კომიტეტებსა და ეოკ-თა სტრუქტურებში ოლიმპიური მოძრაობის ცალკეულ მიმართულებათა შორის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით იქმნება შესაბამისი თემატური მუდმივმოქმედი, ან დროებითი თემატური კომისიები. სპორტსმენთა კომისიის ფუნქციონირება კი სავალდებულოა ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნათა შესაბამისად.
სეოკ-ის აღმასკომის 2025 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მიმდინარე ოლიმპიური ციკლისთვის მიზანშეწონილად ჩაითვალა შვიდი კომისიის შექმნა - ოლიმპიური განათლებისა და კულტურის კომისია, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან მუშაობის კომისია, ეთიკის კომისია, დოპინგთან ბრძოლისა და სუფთა თამაშების უზრუნველყოფის კომისია, ვეტერანებთან მუშაობისა და სპორტსმენთა პოსტკარიერული ადაპტირების ხელშემწყობი კომისია, ოლიმპიური სპორტის და გარემოს დაცვის კომისია, სეოკ-ის ქალთა სპორტის განვითარების კომისია. კომისიების შემადგენლობა დაკომპლექტებულია ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ავტორიტეტული და გამოცდილი წარმომადგენლებით. კომისიების წევრთა თითქმის ნახევარი ქალია, ორი - ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი, ოთხი - მსოფლიოს ჩემპიონი, რვას აქვს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება, ოთხი მათგანი ატარებს პროფესორის წოდებას, შვიდი ცნობილი პუბლიცისტი და სპორტული ჟურნალისტია, ცამეტი კაცი ეროვნული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელობის წევრია, ორ მათგანს აქვს ოლიმპიური თამაშების მსაჯობის გამოცდილება. კომისიებში წარმოდგენილნი არიან სპორტული მედიცინის წარმომადგენლებიც.
21 მაისს სეოკ-ში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სეოკ-ის კომისიების წევრებთან, რომელიც გახსნა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. კომისიების წევრები გაეცნენ სოკ-სა და ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში კომისიების მუშაობის პრაქტიკას, იმსჯელეს კომისიების დებულების თაობაზე. შეხვედრის მეორე ნაწილი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.






