სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

06 ივნისი 2025

6 ივნისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. აღმასკომის წევრებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს მნიშვნელოვან ინიციატივას სეოკ-ის პატრონაჟით საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - ,,მომავალი ოლიმპიელები" - ჩატარების თაობაზე.

აღინიშნა, რომ სასკოლო და ბავშვთა სპორტში არსებული პრობლემების დაძლევის ხელშეწყობის, ქვეყნის მასშტაბით მასობრივი სპორტის განვითარების, სპეციალიზებული სპორტული სკოლების როლისა და მნიშვნელობის ამაღლების, ყველა დონის რეგიონალური და მუნიციპალური ადმინისტრაციის მოტივაციის გაზრდის, კონტინენტალური ახალგარზდული ფესტივალისა და მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის რეზერვების მომზადების ხელშეწყობის მიზნით 2026 წელს ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - ,,მომავალი ოლიმპიელები" (საპილოტე). შემდგომ, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე. პირველი ოლიმპიური ფესტივალის ფინალური ტურნირი ქვეყნის რეგიონების ნაკრები გუნდების მონაწილეობით უნდა გაიმართოს ბათუმში სპორტის 15-მდე სახეობაში.

ეთხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ბათუმის მერიის ხელმძღვანელობას მხარი დაუჭიროს სეოკ-ის ინიციატივას და შესაბამისი სამსახურების მეშვეობით დაეხმაროს საორგანიზაციო კომიტეტს 2026 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალური ტურნირის ბათუმში მაღალ დონეზე ჩატარებაში.

სეოკ-ის აღმასკომი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსწავლე ახალგაზრდობაში სპორტისადმი სიყვარულისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით მხარს დაუჭერს საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას და რეკომენდაციას მისცემს ყველა დონის მართვის ადგილობრივ ორგანოებს ფესტივალის მხარდაჭერისა და დახმარების აუცილებლობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ფესტივალში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა სასკოლო ასაკის ახალგაზრდები იქნებიან, სეოკ-ის აღმასკომი სთხოვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პირადად მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს, ფესტივალის ჩატარებაში როგორც სამინისტროს, ისე ადგილობრივი რესურს-ცენტრებისა და სკოლების ხელმძღვანელობის მხრიდან თანადგომასა და პრაქტიკულ დახმარებას.

ითქვა, რომ საქართველოს სპორტის სამინისტრო იწონებს ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარების იდეას და გამოთქვამს მზადყოფნას მაქსიმალურად ჩაერთოს ახალგაზრული სპორტული ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზების პროცესში.

სეოკ-ის აღმასკომი სთხოვს ფესტივალის პროგრამაში შეტანილი ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელებს უზრუნველყონ შესაბამის სახეობაში ფინალური ეტაპის შეჯიბრების ჩატარება საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნათა შესაბამისად.

სეოკ-ის აღმასკომი გამოთქვამს რწმენას, რომ ყველა თაობის გამოჩენილი ქართველი სპორტსმენი - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, სპორტული საზოგადოებრიობა, ახალგაზრდობა, მასმედია მხარს დაუჭერენ ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას და სეოკ-თან ერთად იზრუნებენ ფესტივალების პოზიტიური ისტორიის შექმნაში, ფესტივალის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენაში.

ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებული აუცილებელი წინასწარი საორგანიზაციო და ინფორმაციული საკითხების მოგვარების შემდეგ, 2025 წლის მესამე კვარტალში სეოკ-ის აღმასკომის სხდომაზე დამტკიცდება პირველი ფესტივალის ჩატარების საორგანიზაციო კომიტეტი და ფესტივალის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის გეგმა.

მოსწავლე ახალგაზრდებს შორის ოლიმპიზმის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ოლიმპიური მუზეუმისა და ოლიმპიური ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

აღინიშნა, რომ ახლადგახსნილი ოლიმპიური მუზეუმის, აგრეთვე ოლიმპიური ბიბლიოთეკის სივრცე ეფექტურად და მიზანმიმართულად გამოიყენება ახალგაზრდებს შორის ოლიმპიზმის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, საინტერსო შეხვედრები მოსწავლე ახალგაზრდობასა და გამოჩენილ ქართველ ოლიმპიელებს შორის.

დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე (2026 წ. 6-22 თებერვალი, იტალია) ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად დამტკიცდა სეოკ-ის აღმასკომის წევრი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.

ასევე, მიღებულ იქნა ცნობად, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სეოკ-ის აღმასკომს წარედგინება მომდევნო სხდომაზე - 2025 წლის სექტემბერში.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებებების შესახებ. 23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღე მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება, მთავარ ღონისძიებას კი ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს, სადაც დაგეგმილია მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.