ეთერ ლიპარტელიანის ისტორიული შედეგი - მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი
საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერი, ეთერ ლიპარტელიანი ისტორიის წერას აგრძელებს. ქართველი ძიუდოისტი ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა, რაც პირველ საფეხურზე ასვლით და საქართველოს ჰიმნის აჟღერებით დააგვირგვინა.
ევროპის ჩემპიონატების ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. იპონით დაამარცხა კორეელი კიმ იუჰე. ორი ვაზარით მოუგო IJF-ის დროშით მოასპარეზე დარია კურბონმამადოვას. ასევე ორი ვაზარით დაამარცხა ფინელი ფილა სალონენი. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ეფექტური გდებით წმინდა გამარჯვება მოიპოვა თურქმენ მაისა პარდაიევასთან. ლიპარტელიანი საუკეთესო იყო გადამწყვეტ შეხვედრაშიც, სადაც იაპონელ მომო ტამაოკის ორთაბრძოლის დაწყებიდან თითქმის ერთ წუთში ვაზარი აართვა, შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, მეორე ვაზარიც. შედეგად, ეთერ ლიპარტელიანი გახდა საქართველოს პირველი წარმომადგენელი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანი 2025 წელს საუკეთესო ფორმაში შეხვდა. აპრილში ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა და გამარჯვება დაურთო. ქართველი ძიუდოისტი ისტორიას წერს.
ბუდაპეშტში, ლასლო პაპის სახელობის არენაზე ეთერ ლიპარტელიანის ტრიუმფს სხვებთან ერთად ესწრებოდა სეოკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი: "ჩვენ გავხდით მოწმენი მართლაც ისტორიული ამბისა- ქართველი ძიუდოისტი გოგონა მსოფლიოს ჩემპიონი, თანაც როგორი ჩემპიონი- ხუთივე ბრძოლა იპონით მოიგო. ასეთი რამ კი იშვიათად ხდება. აქ ყველა ამბობს, რომ ლიპარტელიანმა საოცარი შთაბეჭდილება დატოვა და ღირსეულად ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე".






