IOC-ს რუს და ბელარუს სპორტსმენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

20 აგვისტო 2025

მილანი-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებამდე 171 დღე რჩება, თუმცა კვლავაც გაურკვეველია, მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, ან თუ მიიღებენ, რა პირობებით. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ახლად არჩეულ პრეზიდენტს, კირსტი ქოვენთრის მნიშვნელოვანი გამოცდა ელის.

IOC-ის პრეზიდენტი ფრთხილად, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნავს: „საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. რაც შეეხება მილანი-კორტინას, წინასწარ არ განვსაზღვრავ აღმასრულებელი საბჭოს სექტემბრისა და დეკემბრის გადაწყვეტილებებს, თუმცა ველოდები, რომ სავარაუდოდ, მივიღებთ ისეთივე გადაწყვეტილებას, როგორც ეს იყო პარიზის შემთხვევაში."

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 15 რუს და 17 ბელარუს სპორტსმენს ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მონაწილეობის უფლება მიეცა.

საქმე ის არის, რომ 2022 წლის 28 მარტს IOC საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაციით გამოვიდა, ოღონდ მხოლოდ მათი, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერი განცხადება არ ჰქონდა გაკეთებული და არც რაიმე კავშირში იყო შეიარაღებულ ძალებთან თუ სამსახურებთან. მაშინდელ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა IOC-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმაც, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან აცხადებს, რომ „პარიზთან მიმართებით მიღებული ის გადაწყვეტილება მისი აზრით, სავსებით სამართლიანი იყო."

დღეს, მილანი-კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე „ნეიტრალური ათლეტის" დაშვება კვლავაც რჩება ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად, თუმცა ბევრი რამ ასევე დამოკიდებული იქნება გარე ფაქტორებზე. საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრას შემდეგ.

ქოვენთრისთვის, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას 23 ივნისს შეუდგა, სპორტის უნივერსალურობისა და ომის პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.