ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა გრან პრის სერიათა „ჩინეთის თასი" მოიგო

26 ოქტომბერი 2025

ფიგურულ ციგურაობაში, გრან პრის სერიათა „ჩინეთის თასზე" საქართველოს ნაკრები ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილით და ქალთა ერთეულებში ანასტასია გუბანოვათი იყო წარმოდგენილი.

მეტელკინა/ბერულავა საუკეთესოები იყვნენ როგორც მოკლე (77.77), ისე  თავისუფალ (139.47) პროგრამაში მიღებული შეფასებებით. შედეგად, ორივე პროგრამის ჯამში სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდნენ და 217.24 ქულით „ჩინეთის თასის" გამარჯვებული გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ მეტელკინა/ბერულავას მეტოქეობას უწევდნენ პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს და პიონჩანის 2018 წლის თამაშების ვერცხლის მედალოსანი სუი ვენცზინის და ჰან ცუნის ჩინელთა წყვილი, რომელმაც შედეგად მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი ერგოთ 2023 წლის ევროპის ჩემპიონებს იტალიიდან სარა კონტისა და ნიკოლა მაჩის.

ქალთა ერთეულებში მესამე ადგილამდე 0.7 ქულა დააკლდა ანასტასია გუბანოვას, რომელიც ორივე პროგრამის ჯამში მეოთხე ადგილზე გავიდა.