IOC მსოფლიოს ფილმით მოუწოდებს ემოციურად დაუკავშირდეს მილანი/კორტინას მულტისპორტულ ღონისძიებას

14 იანვარი 2026

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი თვით ადრე, საზოგადოებას წარუდგინა აუდიოვიზუალური ნამუშევარი, რომელიც მსოფლიოს მოუწოდებს ემოციურად დაუკავშირდეს მილანი/კორტინას მულტისპორტულ ღონისძიებას.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი აგებულია იტალიელი მომღერლისა და კომპოზიტორის, უმბერტო ტოცის ცნობილი სიმღერის Ti Amo („მიყვარხარ") ფონზე.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აღნიშნავს, რომ ეს კომპოზიცია „მსოფლიოში აღიარებულია თავისი რომანტიკული ენერგიითა და მუდმივი მიმზიდველობით".

IOC-ის განცხადებით, მუსიკალური არჩევანი შემთხვევითი არ არის - იგი თან ახლავს ვიზუალურ მასალას, სადაც შერწყმულია სპორტულ ასპარეზობათა კადრები, ჟესტები, გამარჯვების აღმნიშვნელი ზეიმი და იტალიური კულტურის ელემენტები: იუმორი, სითბო და ვნება, რასაც IOC მასპინძელ ქვეყანას უკავშირებს.

IOC-ის თქმით, ფილმი გადმოსცემს იმ ძლიერ ემოციებს, რასაც სპორტი აღვივებს და მას „იტალიური სულის შეუცვლელ ვნებაში, სითბოსა და იუმორში" ახვევს.

ნამუშევარში წარმოდგენილია ოლიმპიური პროგრამის სახეობები: ჰოკეი, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურობა, ბიათლონი, ქერლინგი, ციგაობა, სკელეტონი და ფიგურული ციგურაობა - როგორც სანახაობა, რომელიც აერთიანებს სისწრაფეს, ტექნიკასა და სილამაზეს თოვლსა და ყინულზე.

IOC-ის პრეზიდენტმა კირსტი ქოვენთრიმ ხაზგასმით აღნიშნა თამაშების სიმბოლური და კულტურული ღირებულება, ასვევე მისი მნიშვნელობა თითოეული სპპრტსმენისთვის: „ძალიან მალე, ზამთრის სახეობათა საუკეთესო ათლეტები იტალიაში შეიკრიბებიან, რათა ფრთები შეასხან საკუთარ ოლიმპიურ ოცნებებს."

Ti Amo-ს პრემიერა მხოლოდ ემოციური ჟესტი არ არის. იგი გლობალური კამპანიის ნაწილია. ფილმი საგანგებოდ შეიქმნა ოლიმპიური ტელემაუწყებლების მეშვეობით და ციფრულ სივრცეში გასავრცელებლად, რათა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.