ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ წყვილებში საქართველოს ევროპის ჩემპიონატის პირველი ოქროს მედალი მოუპოვეს
ფიგურულ ციგურაობაში შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან უმაღლესი სინჯის ჯილდო საქართველოს წარმომადგენლებმა, ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მოიპოვა. ჩვენმა ფიგურისტებმა შესანიშნავად იასპარეზეს, საინტერესო და რთული პროგრამა წარმოადგინეს და ისტორია დაწერეს. მათ ევროპის ჩემპიონატზე აქამდე მოპოვებულ ვერცხლის (2024) და ბრინჯაოს (2025) მედლების კოლექციას ოქრო შემატეს, რაც ქართული ფიგურული ციგურაობისთვის წყვილებში მოპოვებული პირველი უმაღლესი სინჯის მედალია.
მეტელკინა/ბერულავამ ჩემპიონობას მოკლე პროგრამიდან ჩაუყარეს საფუძველი, როდესაც 16 წყვილს შორის საუკეთესო შეფასება - 75.96 ქულა დაიმსახურეს.
მომავალი ჩემპიონები საუკეთესოები იყვნენ თავისუფალ პროგრამაშიც, სადაც 139.80 ქულა დაიმსახურეს და შედეგად, ორივე პროგრამის ჯამში ჩემპიონობაც იზეიმეს. აღსანიშნავია, რომ თავისუფალ პროგრამაში მეტელკინა/ბერულავამ უახლოეს მდევარ უნგრელთა წყვილს ათი ქულით აჯობეს, ორივე პროგრამის შედეგად კი, სადაც მათი მონაპოვარი 215.76 ქულას შეადგენდა, თითქმის 12-ქულიანი უპირატესობა აღმოაჩნდათ მეორე ადგილზე გასულ გერმანელთა წყვილთან.
მეტელკინა/ბერულავას მალე უმთავრესი გამოცდის ჩაბარება მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოუწევს, რომელიც 6 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება.






