ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორივე პროგრამის ჯამში კი მეხუთე ადგილი ერგო

17 იანვარი 2026

შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების გენერალურ რეპეტიციის დატვირთვაც აქვს, მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა ქალთა ერთეულებში. სამწუხაროდ, ორი პროგრამის შედეგად მედალოსანთა შორის ვერ მოხვდა ანასტასია გუბანოვა, თუმცა მცირე მედლის მოპოვება მაინც შეძლო.

საქართველოს ნაკრების გამოცდილმა წევრმა მოკლე პროგრამაში ასპარეზობის შემდეგ, სადაც მე-11 შედეგი ჰქონდა, თავისუფალ პროგრამაში თითქმის უნაკლოდ ისრიალა და 128.19-ქულიანი შეფასებით მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელმა გუბანოვამ ორივე პროგრამის ჯამში 184.36 ქულა გამოიმუშავა, რამაც ის ერთბაშად ექვსი საფეხურით დააწინაურა და ჩემპიონატი  მეხუთე ადგილზე დაასრულა.