ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონობით ისტორია დაწერა

17 იანვარი 2026

ნიკა ეგაძემ ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორია დაწერა - გახდა პირველი მოციგურავე, რომელმაც ვაჟთა ერთეულებში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. ისტორია დაიწერა შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები სრულად არის წარმოდგენილი. 

მომავალმა ჩემპიონმა კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ სვლას საფუძველი ჩაუყარა მოკლე პროგრამაში პირველობით. ეგაძემ წარმატებული სვლა გააგრძელა დღეს, თავისუფალ პროგრამაშიც, სადაც მსაჯებისგან 181.72-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ეს კი ლიდერ მატეო რიცოსთან 13-ქულიანი უპირატესობა აღმოჩნდა.

ნიკა ეგაძეს უპირატესობა თვალშისაცემი იყო ორივე პროგრამის ჯამში დაგროვილი 273 ქულით, რამაც მას ჩემპიონობა მოუტანა. ამ შემთხვევაში ქართველი მოციგურავის უპირატესობა მეორეზე გასულ რიცოსთან 16-ზე მეტ ქულაში აისახა.

ნიკამ პირველ სერიოზულ წარმატებას ასაკობრივ შეჯიბრებაში მიაღწია, როცა 2017 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მიიღო. შემდეგ არაერთი მედალი მოიპოვა ჩელენჯერის და გარან პრის, ასევე სხვა საერთშორისო ტურნირებზე და  დახვეწილი სტილით, ურთულესი და ორიგინალური  პროგრამით კონტინენტის უძლიერეს მოციგურავეთა რიგებში დაწინაურდა. შეფილდში მოპოვებული უპირობო გამარჯვება დამაჯერებელი წინგადადგმული ნაბიჯია უფრო მნიშვნელოვანი ტიტულებისკენ მიმავალ გზაზე.

შეფილდის ევროპის ჩემპიონატი ისტორიულია იმითაც, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა ორი ოქროს მედალი. ეგაძემდე ჩემპიონობა იზეიმა ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა.

შეფილდში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატს ესწრება სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.