მილანი-კორტინა-2026 დოპინგთან ბრძოლას აეროპორტებიდანვე შეუდგება
მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ანტიდოპინგურ ზედამხედველობას აეროპორტებშივე შეუდგებიან. ტესტირების საერთაშორისო სააგენტო (ITA) 2026 წლის ზამთრის თამაშებისთვის უფრო მეტ პრევენციულ და კოორდინირებულ კონტროლს იწყებს, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.
საერთაშორისო ანტიდოპინგური სისტემა ემზადება გადამწყვეტი ქმედებების განსახორციელებლად, რაც მიზნად ისახავს დადგენილი წესების თუ პროტოკოლების არსებით ცვლილებას. ITA, რომელიც პასუხისმგებელია მსხვილ ღონისძიებებზე ანტიდოპინგური პროგრამების ზედამხედველობაზე, ადასტურებს, რომ მილანი-კორტინა-2026 გაჯერებული იქნება სიახლეებით, რომლებიც მიმართულია შესაძლო დარღვევების საფუძველშივე აღსაკვეთად, რაც თავის მხრივ, გულისხმობს თამაშების მასპინძელ ქვეყანაში შესვლისთანავე სპორტსმენის ბარგის შემოწმებას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდი ჯერ არასდროს გამოუყენებიათ ოლიმპიურ თამაშებზე. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ბენჟამინ კოენმა განმარტა, რომ მათი მიზანია „პრევენციული დარტყმა": აკრძალული ნივთიერებების ამოღება იქამდე, ვიდრე ისინი სარბიელზე შეაღწევენ.
2026 წლის თამაშების მასპინძლები იმედოვნებენ, რომ შექმნიან მემკვიდრეობით მოდელს მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის. მაშასადამე, დოპინგთან ამგვარად ბრძოლისთვის მილანი-კორტინა-2026 იქნება ერთგვარი საცდელი პოლიგონი.
ცნობისთვის - შარშან, დეკემბრის ბოლოს რომში გაიხსნა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ანტიდოპინგური ლაბორატორია.






