სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

11 მარტი 2026

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი ძირითადი საკითხი.

კერძოდ: ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე (მილანი-კორტინა, 2026 წლის 6-22 თებერვალი) საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლის შედეგების შესახებ.

ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები გუნდის და ცალკეულ დისციპლინებში სპორტსმენთა გამოსვლები ჩაითვალა წარმატებულად, ხოლო მოპოვებული ვერცხლის მედალი - საქართველოს სპორტის ზამთრის სახეობაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად. ხაზგასმით აღინიშნა ნინო წიკლაურის მე-5 ოლიმპიური სტარტი, ნინო პირველი სპორტსმენია ზამთრის სპორტის სახეობებში, რომელმაც შეძლო მეხუთედ ეასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე.

აღინიშნა, რომ მილანში ოლიმპიურ თამაშებზე და უფრო ადრე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურული მოციგურავეების მიერ ნაჩვენები შესანიშნავი სპორტული შედეგები სპორტსმენების მაღალ ოსტატობასთან, მწვრთნელთა პროფესიონალიზმთან, სამედიცინო პერსონალის საგნობრივ ჩართულობასთან ერთად არის საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციისა და პირადად მისი პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის მიზანმიმართული შრომის, გააზრებული და მოქნილი მენეჯმენტისა და შედეგზე ორიენტირებული მრავალწლიანი საქმიანობის შედეგი.

სეოკ-ის აღმასკომმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა იმ მხარდაჭერასა და დახმარების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იჩენს ქართული სპორტის მიმართ. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განსაკუთრებულად მაღალი რანგის სტუმრის სტატუსით მილანში ვიზიტი, შეხვედრა ქართველ სპორტსმენებთან და ჩვენი ათლეტების მონაწილეობით ოლიმპიურ ასპარეზობაზე დასწრება ქვეყნის ხელმძღვანელობის სპორტისადმი დაინტერესებული და მხარში მდგომი დამოკიდებულების კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო. აღსანიშნავია, რომ ფიგურული მოციგურავეების მიერ მოპოვებული წარმატებები დიდადაა განპირობებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტის სამინისტროს მუდმივი თანადგომითა და დახმარებით.

საგულისხმოა, რომ დღიდან დაფუძნებისა, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ათეული წლების მანძილზე ჰქონდა და აქვს გამორჩეულად საქმიანი და ნაყოფიერი ურთიერთობა ფიგურული ციგურაობის ეროვნულ ფედერაციასთან, მის გვერდით იდგა ფედერაციის ყველა ინიციატივისა და პროექტის განხორციელების საქმეში, ფედერაციის ხელმძღვანელობა ყოველთვის იყო წარმოდგენილი სეოკ-ის მართვის უმაღლეს ორგანოებში. ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ ნაკრები გუნდის დაკომპლექტების პრინციპები,აქამდე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გამართლებული იყო. ამიერიდან კი, ქვეყანაში ორი სტანდარტული ინფრასტრუქტურული ცენტრის შექმნის შემდეგ, აუცილებელია სპორტის ამ სახეობაში ბავშვებისა და მოზარდების მასობრივი ჩაბმა, საწყის ეტაპზე უცხოელი სპეციალისტების მოწვევით, ადგილობრივ მწვრთნელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა, მაღალი მიღწევების სპორტისთვის ათლეტთა მზადებისთვის ახლებური, სისტემური მიდგომა და ამ მიმართულებით 10-15 წელზე გათვლილი საქმიანობის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.

სეოკ-ის აღმასკომი მიესალმება, რომ საქართველოს სპორტის სამინისტრო, შესაბამისი ეროვნული ფედერაციების, ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით მუშაობენ ქვეყანაში სპორტის ზამთრის სახეობების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე და გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს მის საქმიანობაში.

დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სეოკ-ის პრეზიდენმა ლერი ხაბელოვმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა.

აღინიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ ფორმატის პირველი მულტისპორტული შეჯიბრება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ტარდება სამ ეტაპად, ფინალური ტურნირი კი გაიმართება 2026 წლის 2-6 ივნისს ბათუმში. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები -14-17 წლის სპორტსმენები სპორტის 17 სახეობაში.