ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერის საუკეთესო შეფასება მიიღო

25 მარტი 2026

ფიგურულ ციგურაობაში სეზონის დამაგვირგვინებელ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც პრაღის O2 Arena მასპინძლობს, საქართველო იმავე გუნდით არის წარმოდგენილი, როგორც ეს თებერვალში, მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღე ქალთა და სპორტულ წყვილთა მოკლე პროგრამებს დაეთმო. სარბიელზე პირველი გავიდა ანასტასია გუბანოვა, რომელმაც კარგად შეასრულა საკუთარი პროგრამა და მსაჯებისგან 69.92-ქულიანი შეფასებით 33 მონაწილეს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელი გუბანოვა 27 მარტს თავისუფალი პროგრამით წარდგება.

იასპარეზა ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმაც. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნები და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ლიდერთა - ბოლო ჯგუფიდან შეუდგნენ სრიალს და ბრწყინვალედ გამოვიდნენ. საქართველოს წარგზავნილებმა კარიერის საუკეთესო შეფასება - 79.45 ქულა დაიმსახურეს და 21 წყვილს შორის მეორე ადგილი დაიკავეს.

26 მარტს მეტელკინა/ბერულავას წყვილი თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედლის მოპოვებას შეეცდება, რაც სავსებით რეალურია.

რაც შეეხება ევროპის მოქმედ ჩემპიონს ნიკა ეგაძეს, მან მოკლე პროგრამაში 78.84 ქულით მე-15 ადგილი დაიკავა.