მეტელკინა/ბერულავას წყვილმა, პირველად საქართველოს ზამთრის სპორტის ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა

26 მარტი 2026

ქართული ფიგურული ციგურაობისთვის ისტორიული გამოდგა პრაღის O2 Arena-ზე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი. ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.  ეს არის პირველი და, მაშასადამე, ისტორიული შედეგი ზამთრის სპორტში.

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნებმა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა წარმატებას საფუძველი ჩაუყარეს მოკლე პროგრამაში ბრწყინვალე ასპარეზობით და მეორე ადგილის დაკავებით, რასაც წინ უძღოდა კარიერის საუკეთესო შეფასება (79.45). 

საქართველოს წარმომადგენლებმა მედლისკენ სვლა გააგრძელეს თავისუფალ პროგრამაშიც, სადაც 138.96-ქულიანი შეფასებით მეოთხე შედეგი ჰქონდათ, მაგრამ ორივე პროგრამის შედეგად 218.41 ქულა დაუგროვდათ, რამაც მათ ვერცხლის მედალი მოუპოვა. სპორტულ წყვილებში ჩემპიონობა იზეიმა მინერვა ფაბიენ ჰაზეს და ნიკიტა ვოლიდინის გერმანელთა წყვილმა (228.33), რომელმაც მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი ერგო ლია პერეირას და ტრენტ მიშოს კანადურ წყვილს (216.09).