სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა გუნდებიც ცნობილია

14 დეკემბერი 2012

 ახლოვდება 20 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, სადაც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის საპასუხისმგებლო თანამდებობისთვის სამი კანდიდატი: გია ნაცვლიშვილი, ლერი ხაბელოვი და ბეჟან ხურციძე იბრძოლებენ. 
დღეს ცნობილი გახდა თუ რა გუნდით აპირებენ კანდიდატები მომავალი ოთხი წლის მანძილზე სეოკ-ის გაძღოლას.

ამჟამად მოქმედი პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის გამარჯვების შემთხვევაში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი დაიკავებს, ვიცე-პრეზიდენტები ასევე ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი დავით ხახალეიშვილი და ვახტანგ გეგელია იქნებიან, ხოლო გენერალური მდივანი რამაზ გოგლიძე.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი წარადგინა, ვიცე-პრეზიდენტებად ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, ხოლო გენერალურ მდივნად ემზარ ზენაიშვილი.

ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბეჟან ხურციძე პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ბიზნესმენ გიზო ხელაიას სთავაზობს, ვიცე-პრეზიდენტობას დავით გობეჯიშვილს და გიორგი ჩახუნაშვილს, გენერალურ მდივნობას რამაზ გოგლიძეს.