სეოკ-ს მომდევნო ოთხი წლით ლერი ხაბელოვი გაუძღვება

21 დეკემბერი 2012

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, რომელმაც "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე უკვე ყოფილ პრეზიდენტს გია ნაცვლიშვილს და ნიჩბოსნობის ფედერაციის თავკაცს ბეჟან ხურციძეს აჯობა.

ყრილობის დასაწყისში გია ნაცვლიშვილმა სეოკ-ის ორდენებით დააჯილდოვა ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, ვაჟა კაჭარავა და გალენა შარაბიძე და იქვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამკერდე ნიშნები გადასცა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს, ვერცხლის პრიზიორებს - რევაზ ლაშხს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, დავით მოძმანაშვილს და ბრინჯაოს მედალოსნებს მანუჩარ ცხადაიას, დავით მარსაგიშვილსა და გიორგი გოგშელიძეს.

შემდეგ სიტყვა მოხსენებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატებს გადაეცათ, რომლებმაც სესიის დამსწრეთ საკუთარი პროგრამა გააცნეს და დაიწყო ყველაზე მთავარი - სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნები.

ხმის უფლების მქონე 111 დელეგატიდან ყრილობაზე 107 გამოცხადდა, რომელთაგან 59-მა მხარი ლერი ხაბელოვს დაუჭირა, გია ნაცვლიშვილს 43 ხმა ერგო, ხოლო ბეჟან ხურციძეს 4. ერთი ხმა ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრი კიკის ლაზარიდისი ესწრებოდა.

ლერი ხაბელოვი სეოკ-ის რიგით მეხუთე პრეზიდენტია. მანამდე სხვადასხვა წლებში ამ ორგანიზაციას ნონა გაფრინდაშვილი, ჯანსუღ ბაგრატიონი, ბადრი პატარკაციშვილი და გია ნაცვლიშვილი თავკაცობდნენ.

ახალმა პრეზიდეენტმა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი წარადგინა, ვიცე-პრეზიდენტებად ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანის თანამდებობაზე ემზარ ზენაიშვილი დაინიშნა.