თავისუფალი ჭიდაობა: ცვლილებები სანაკრებო შტაბში

08 იანვარი 2013

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, ნაახალწლევს _ 8 იანვარს ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა სამივე ასაკობრივი ნაკრები გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელები და მათი ასისტენტები წარადგინა.

ქვეყნის მთავარ _ ეროვნულ ნაკრებს 1992 წლიდან ზაზა თურმანიძე წვრთნიდა, ამიერიდან კი ამ ფუნქციას პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი შეასრულებს. მისი ასისტენტები იქნებიან დავით პოღოსიანი და ალექსანდრე კახნიაშვილი.
ახალგაზრდულ გუნდში ნუგზარ სხირელს ორგზის ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე ჩაანაცვლებს, რომელსაც ასისტენტობას გაუწევენ ოლიმპიური პრიზიორი ოთარ თუშიშვილი და დავით ოთიაშვილი.

ჭაბუკთა ნაკრებს თამაზ ბენდიანიშვილის ნაცვლად შაკო ბედინიდისი ჩაიბარებს. მას გიორგი იანტბელიძე და გელა საღირაშვილი დაეხმარებიან.
ნაკრები გუნდების ახალი მწვრთნელები თავიანთ მოვალეობას 2013 წლის ბოლომდე შეასრულებენ, რის შემდეგაც ფედერაცია მათ გაწეულ მუშაობას შეაფასებს და მომავალი თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.