ლაშა შავდათუაშვილი საუკეთესოა

10 იანვარი 2013

9 იანვარს თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის "ივენთ ჰოლში" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2012 წელი შეაჯამა და ხუთ ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა. 

საღამოზე შესავალი სიტყვით მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე წარსდგა, რომელმაც გასული წელი მოკლედ მიმოიხილა. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შარშან გარდაცვლილ სპორტსმენთა ხსოვნას. ამას მოჰყვა დაჯილდოების ცერემონიალი.

საუკეთესო ახალგაზრდა ათლეტად დასახელდა სამბოში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ამირან აინვარაშვილი.
საუკეთესო გუნდის ნომინაციაში 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის შეგირდები სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდნენ.

სპორტულ ფედერაციებს შორის რაგბის კავშირი გამოარჩიეს, ხოლო მწვრთნელებში ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის პირადი დამრიგებელი ნიკოლოზ ბიბილაშვილი, რომელიც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.

საღამოს კულმინაცია 2012 წლის რჩეული სპორტსმენის გამოვლენა იყო და ეს პატივი წილად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს ხვდა. ამ საპატიო მისიის შესრულებამდე მან ნონა გაფრინდაშვილის, ვიქტორ სანეევის, რომან რურუას, ქეთევან ლოსაბერიძის, ლევან თედიაშვილის, ჯანსუღ ბაგრატიონის, გურამ საღარაძის, მზია ჯუღელის, ჯუმბერ ლეჟავას, გურამ პაპიტაშვილის, ჯემალ ცერცვაძის, რევაზ ტრაპაიძის, თემურ ბენდიაშვილის, გურამ მინაშვილის, ვლადიმერ ბარქაიას და ალექსანდრე მეტრეველის შემადგენლობით საზოგადოებას მრჩეველთა საბჭო წარუდგინა.

2012 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად, როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დასახელდა. მან დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა აღიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ოლიმპიურ ციკლში ასევე წარმატებით იასპარეზებს.