ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომამ თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იმსჯელა

12 იანვარი 2013

 

11 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომამ მწვრთნელთა საკითხის ნაცვლად 19-24 მარტს თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იმსჯელა.

სწორედ ამ მაღალი მისიის გამო მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.

ითქვა, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო კომისია შეიქმნება პრემიერ მინისტრბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს. პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად უკვე შეიქმნა საორგანიზაციო მუშა ჯგუფი, რომელშიც ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი მოჭიდავეები შევიდნენ.

სხდომაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ვიცე-პრეზიდენტების დამტკიცება იყო. მოგეხსენებათ, ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს მათი წარდგენის ნება ჰქონდა, კანდიდატურები კი პრეზიდიუმს უნდა დაემტკიცებინა.

საბოლოოდ ამ პოსტებზე ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბაკურ გოგიტიძე და წლების განმავლობაში დედაქალაქის სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ კანკავააირჩიეს.

მათი ფუნქციები ასე გადანაწილდება: გელაშვილი ბიზნესთან ურთიერთობაზე იმუშავებს, გოგიტიძე რეგიონებში მუშაობის გაძლიერებას მიხედავს, კანკავა კი უფრო ფედერაციის საორგანიზაციო საკითხებს მოაგვარებს.

კურტანიძის ინიციატივით, ჩამოყალიბდა ჩემპიონთა კლუბი, რომელიც ქვეყნის ყველა ტიტულოვან ფალავანს გააერთიანებს.

თევზაძის თქმით, უკვე ამ სეზონიდან საკლუბო სისტემა ამოქმედდება და ვინძლო საქართველოს საკლუბო პირველობაც ჩატარდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"