შესაძლოა ველოსპორტი ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღონ
16 იანვარი 2013
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა დიკ პაუნდმა სააგანტო "როიტერს" განუცხადა, რომ შესაძლოა ველოსპორტი ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღონ, თუ ამერიკელი ველომრბოლელის ლენს ამსტრონგის საქმის შესწავლისას გამოიკვეთება, რომ ველოსპორტის საერთაშორისო კავშირი (UჩI) სპორტსმენთა მიერ ორგანიზებულ დოპინგის გამოყენების მასშტაბურ სქემას მალავდა.
მისი თქმით სოკ-ს სხვა გამოსავალი არ ექნება, გარდა ამ რადიკალური ნაბიჯისა. პაუნდის აზრით, რომელსაც ადრე მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ამსტრონგის საქმეს სოკ-ი გამოიძიებს, რადგან (UCI) დოპინგთან მიმართებაში კარგი ორგანიზაციის რეპუტაციით არ სარგებლობს.
ეს განცხადება დიკ პაუნდმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თავად ამსტრონგი პოპულარულ ამერიკულ თოქ-შოუში გამოტყდა დოპინგის მიღებაში.
შეგახსენებთ, რომ ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირმა 2012 წლის ოქტომბერში 41 წლის ლენს ამსტრონგს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და 1998 წლიდან მოყოლებული ყველა ტიტული ჩამოართვა.