გამოსათხოვარი

21 იანვარი 2013

გამოსათხოვარი

გურამ საღარაძე

ვერ გადაიტანე წლევანდელი ზამთარი ჩემო სეხნიავ, უფროსო მეგობარო და საყვარელო ადამიანო. შენს ხსოვნას ეპიგრაფად წავუმძღვარე დიდი გალაკტიონის ორი სტრიქონი მისი ერთ-ერთი ლექსიდან.

უზომოდ შეყვარებული იყავი ქართულ პოეზიაზე და არა მარტო პოეზიაზე, ყველაფერზე, რაც ქართული და ღირსეული იყო. შენმა მგრძნობიარე გულმა ვეღარ გაუძლო უამრავ ტკივილს, რომელსაც შენ განიცდიდი ყოველ წამს, ყოველწუთს და ყოველ დროს. განიცდიდი და ვერ ამბობდი შენს სათქმელს ხმამაღლა. ეს ჩვენ ვიცით, შენმა ახლობლებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა.

ზღვა ხალხი ადამიანებისა, შენი თაყვანისცემლებისა, მთელი ერი და ქვეყანა მოგტირის და განიცდის ჩემო გურამ, სიტყვისა და სცენის დიდოსტატო, მართლა ჩემპიონო კაცო და მეგობარო. ტირიან შენი ძმები და მეგობრები, რამდენი ერთი ჩამოვთვალო, ტირიან ქართული კულტურის წარმომადგენლები, ქართული თეატრისა და კინოს დიდი ოჯახის შვილები, გამოჩენილი ვეტერანი სპორტსმენები, ათასობით თაყვანისმცემელი. გიყვარდა ქართული ფოლკლორი, ქართული სოფელი, მიწა-წყალი. ლაღობდი შენი ქვეყნის სიყვარულით. შენზეა ზედგამოჭრილი ცნობილი სახალხო მთქმელის იოსებ საბიაშვილის გულით ნათქვამი შესანიშნავი სტრიქონები: "ყველას ვერა ჰკლავ სიკვდილო, ვერც საუკუნე წლებიო, სახელი ქვეყნად დარჩება, მიწას ლეში და ძვლებიო, სახელს ნუ დაეჭიდები, სიკვდილო დამარცხდებიო".

შენ გადადიხარ უკვდავებაში. დაგხვდებიან შენი ეროსი, დოდო, კოტე, და კიდევ რამდენიმე ღირსეული მეგობარი და ახლობელი, მათ შორის სახელოვანი სპორტსმენები.

ნათელში ამყოფოს შენი სული ღმერთმა იმქვეყნად ყველასთან ერთად, ჩვენო ძვირფასო და საყვარელო ადამიანო.

 

გურამ საღარაძე

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში

 

 

სამძიმარი

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული სპორტის დიდი მეგობრის, საქართველოს სახალხო არტისტის

გურამ საღარაძის

გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.