საპატიო სტუმარი თბილისში

30 იანვარი 2013

სპორტის ქართველი გულშემატკივრებისთვის ალბათ ცნობილია, რომ 19-24 მარტს თბილისი ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქს ევროპის ჭიდაობის ფედერაციის დელეგაცია პრეზიდენტ ცენო ცენოვის ხელმძღვანელობით სტუმრობდა და ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებისთვის სამზადისს გაეცნენ. მათ დაათვალიერეს სპორტის სასახლე, სასტუმროები და ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ.

29 იანვარს ცენო ცენოვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან, სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და ჭიდაობის ფედერაციის თავკაც ლუკა კურტანიძესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეწვია, სადაც მიმდინარე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

"ვფიქრობ არ შევმცდარვართ, როდესაც ევროპის პირველობის მასპინძლობა თბილისს ვანდეთ, რადგან მოსამზადებელი სამუშაოებით კმაყოფილი დავრჩი და იგი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. მჯერა ამ მნიშვნელოვან ტურნირს ღირსეულად ჩაატარებთ"- აღნიშნა ცენოვმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.