საგანგაშო სიგნალი

30 იანვარი 2013

30 იანვარს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ანტიდოპინგურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი პალიკო კასრაძე და სეოკ-ის ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე შენგელი ფიცხელაური უძღვებოდნენ.
მხოლოდ 2012 წელს სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალი 9 ქართველ სპორტსმენს აღმოაჩნდა, რაც, ბუნებრივია, საგანგაშო სიგნალია და პრესკონფერენციაზეც ამ საჭირბოროტო თემაზე გამახვილდა ყურადღება.

"სამწუხაროდ, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. დოპინგის გამოყენების სტატისტიკა მთელ მსოფლიოში მზარდია. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის დროის მცირე მონაკვეთში ცხრა შემთხვევა საგანგაშოა და ამიტომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს დოპინგთან ბრძოლა,"-აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა.

"ანტიდოპინგური საქმიანობა აუცილებლად უნდა გაფართოვდეს. წარსულის მძიმე გამოცდილების მიუხედავად, ჩვენი რამდენიმე პერსპექტიული სპორტსმენი დოპინგის მიღებაში იქნა მხილებული და აქტიურ სპორტს რამდენიმე წლით ჩამოშორდნენ. მიზანშეწონილად მიგვაჩნია კონკრეტული პრევენციული ზომები გატარდეს, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს აკრძალული ნივთიერებების გამოყენება," - აღნიშნა პალიკო კასრაძემ. მისი თქმით მხილებული სპორტსმენები ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ და ყველა ტიტული ჩამოერთვათ.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საგანგებო განცხადება შეიმუშავა და მოუწოდა სპორტულ ფედერაციებს, ექიმებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ზედმიწევნით ზუსტად შეასრულონ მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნები.