საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

30 იანვარი 2013

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2011-12 წლებში გამოვლინდა და დადასტურდა საქართველოს სპორტსმენთა მიერ სხვადასხვა აკრძალული სამედიცინო პრეპარატის გამოყენების არაერთი შემთხვევა. საშეჯიბრო თუ არასაშეჯიბრო ტესტირების შედეგად, დოპინგმიღებულ და სანქცირებულ სპორტსმენთა შორის მოხვდნენ თენგიზ პაპოშვილი (ძიუდო), ბესარიონ გუჩაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), მერაბ კაკაბაძე (მკლავჭიდი), ირაკლი გამთენაძე (მკლავჭიდი), შოთა ომარაშვილი (ფაუერლიფტინგი), მიხეილ სუჯაშვილი (რაგბი), ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა) და გიორგი შეყლაშვილი (ფაუერლიფტინგი).

სამწუხაროა, რომ წარსულის მეტად მძიმე გამოცდილების მიუხედავად, როცა სწორედ დოპინგის მიღების გამო, ჩვენი რამდენიმე ცნობილი თუ პერსპექტიული სპორტსმენი სამუდამოდ ან რამდენიმე წლით ჩამოშორდა აქტიურ სპორტს, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია.

დოპინგის გამოყენების ფაქტების მზარდი და მეტად საგანგაშო სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ აუცილებელია გაძლიერდეს და გაფართოვდეს ანტიდოპინგური საქმიანობა, გატარდეს კონკრეტული პრევენციული ზომები, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს აკრძალული ნივთიერებების და პროცედურების გამოყენება. ასევე აუცილებლად მიგვაჩნია, დოპინგის მიღების ყოველი ფაქტის გამომზეურება, ადეკვატური სანქციის დაწესება და ამ თემაზე ფართო დისკუსია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს სპორტულ ფედერაციებს და კლუბებს, სპორტული გუნდების ექიმებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ზუსტად შეასრულონ მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნები და დაიცვან პატიოსანი შეჯიბრების წესები.

 

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი