სეოკ-ის მუზეუმს მოსწავლეები ესტუმრნენ

13 თებერვალი 2013

13 თებერვალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმს, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი 50-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ ახლოს გაცნობოდნენ ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიას, დაეთვალიერებინათ ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონებისა თუ პრიზიორების საშეჯიბრო ექსპონანტები, რომლითაც მათ საერთაშორისო არენაზე დიდების მწვერავლს მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ 50-ე სკოლის უფროსკლასელებს ჰქონდათ პატივი შეხვედროდნენ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში კახი კახიაშვილს და მასთან ერთად ედევნებინათ თვალი ფილმისთვის "ერთი ჩემპიონის ისტორია" ამ ლეგენდარულ სპორტსმენზე.

კახიაშვილი მომავალ თაობას ესაუბრა ცხოვრების ჯანსაღ წესზე, სპორტულ აქტივობებზე და ზოგადად სპორტის მნიშვნელობაზე, როგორც მათ ცხოვრებაში, ასევე ქვეყანაში.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა ოლიმპიზმის თემატიკაზე, სადაც გამარჯვებულებს კახი კახიაშვილის ავტოგრაფით გადაეცათ მასზე დაბეჭდილი წიგნი პროექტიდან "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები"