საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

14 თებერვალი 2013

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისთვის, ქართული სპორტული საზოგადოებრიობისთვის, სპორტის გულშემატკივრებისთვის მეტად მოულოდნელი და სამწუხარო იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ჭიდაობის სახეობების (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ოლიმპიურ პერსპექტივასთან დაკავშირებით. 2013 წლის 12 თებერვალს მიღებული დადგენილების თანახმად, სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ, სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა სოკ-ის 125-ე სესიას, სპორტის ძირითადი ოლიმპიური სახეობის რიგებიდან, შესაბამისად კი _ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.

როგორც ირკვევა, ამგვარი რეკომენდაციის მიღებისას, სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ გაითვალისწინა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში ჭიდაობის სახეობების თითქოსდა დაბალი პოპულარობა და სატელევიზიო რეიტინგი, ბილეთების რეალიზაციასთან, დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე სხვა მეტნაკლებად აქტუალური საკითხები.

ჩვენი აზრით, ამ საკითხთა რიგში ასევე შედის ჭიდაობის მაღალჩინოსნების და მსაჯების კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობა, დიდ შეჯიბრებებზე, მათ შორის _ ოლიმპიურ თამაშებზე აღებ-მიცემობის გახშირებული, ოღონდ დაუდასტურებელი შემთხვევები, რისი მსხვერპლნიც, სხვებთან ერთად, არაერთხელ გამხდარან ქართველი სპორტსმენები. ამ და სხვა საჭირბოროტო პრობლემებს თავად ჭიდაობის სამყარომ უნდა მიხედოს და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს.

მაგრამ აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჭიდაობა, როგორც ტრადიციული, ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ძირითადი ოლიმპიური და ათეულობით ქვეყანაში, მათ შორის _ საქართველოში მეტად გავრცელებული და პოპულარული სახეობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დარჩეს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესია.

ახლო მომავალში იგეგმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა, სადაც ჩვენი სპორტის აქტუალურ საკითხებთან ერთად, სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს 12 თებერვლის გადაწყვეტილებაზეც იქნება საუბარი.