შეხვედრები სეოკ-ში

15 თებერვალი 2013

მართალია 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა, მაგრამ თადარიგის დაჭერა დღესვეა საჭირო, რადგან რიოს თამაშებს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ. ამ კუთხით უპირველესად აუცილებელია ეროვნულ ფედერაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც სეოკ-ისთვის უცხო არ არის.

15 თებერვალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი კანოესა და მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციათა ხელმძღვანელებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კანოეს ფედერაციის პრეზიდენტის დავიტ ქაცარავას თქმით საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ. საქართველოსში სულ ხუთი ბაზა, თუმცა ასე თუ ისე საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული მხოლოდ მცხეთაშია. სპორტის ამ სახეობით ჩვენთან 80-მდე ათლეტია დაინტერესებული და ცუდია, რომ დედაქალაქში მათ სავარჯიშო პირობები არ აქვთ, თუმცა არის შანსი რაღაცა დონის ბაზა ლისის ტბაზე კეთილმოეწყოს. ფედერაცია ასევე მოწადინებულია კანოე ჩვენს ქვეყანაში უფრო მასობრივი გახადონ და ამ მხრივ სამოყვარულო შეჯიბრებების ჩატარებას გეგმავენ.

რაც შეეხება ოლიმპიურ პერსპექტივებს აქ აქცენტი 3 სპორტსმენზე - ზაზა ნადირაძეზე (თბილისი), ბადრი ყაველაშვილზე (მცხეთა) და გიორგი შავგულიშვილზე (დუშეთი) კეთდება. ქაცარავას განმარტებით შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში ამ ბიჭებზე ფსონის დადება შეიძლება.

მაგიდის ჩოგბურთის პრეზიდენტმა კახა გუგეშაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით სიტუაციის შესწავლის პროცესში არიან და ამ მხრივ სეოკ-ის დახმარებაც დასჭირდებათ, თუმცა სპორტის სამინისტროში 2013 წლის კალენდარი უკვე წარადგინეს. მისი თქმით ამ ეტაპზე აქცენტის გაკეთებას შიდა ტურნირებზე აპირებენ და გასვლებს მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოებში გეგმავენ. რესურსი არის და მისი სწორად გამოყენებაა საჭირო.