რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

18 თებერვალი 2013

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რეკომენდაციით მიმართა სოკ-ის 125- სესიას 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის ამოღების სესახებ, სპორტის ამ სახეობის მიმართ ვნებათაღელვა არ წყდება. ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა გახდა სოკ-ის მაღალჩინოსანთა ამ სკანდალური გადაწყვეტილების მიზეზი. ბუნებრივია სიტუაციაში გარკვევას ცდილობენ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაშიც (FILA).

ამასთან დაკავშირებით ტაილანდში ფილას ბიუროს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტს, შვეიცარიელ რაფაელ მარტინეტის მოსთხოვეს განემარტა, თუ რატომ დადგა საფრთხის ქვეშ ჭიდაობის ოლიმპიური მომავალი. მარტინეტიმ კითხვებზე დასაბუთებული პასუხი ვერ გასცა და იძულებული იყო, დარბაზი დაეტოვებინა. FILA-ს უმაღლესმა ორგანომ ღია კენჭისყრის შედეგად რაფაელ მარტინეტის უფლებამოსილება შეუწყვიტა და თანამდებობიდან გადააყენა. ბიუროს გადაწყვეტილებით, დროებით FILA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება სერბ ნენად ლალოვიჩს დაევალა.