შეხვედრა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტთან

20 თებერვალი 2013

19 თებერვალს ბრაშოვოში (რუმინეთი) შედგა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის პატრიკ ჰიკის შეხვედრა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მამუკა ხაბარელთან. ბატონი ჰიკი სეოკ-ის დიდი ხნის მეგობარია და ოფიციალური ვიზიტით არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

შეხვედრის დასაწყისშივე პატრიკ ჰიკმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების გამო. ამ არჩევნებთან დაკავშირერბით პირადად მას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დეტალური ანგარიში ჩააბარა კიკის ლაზარიდესმა, EOC-ების ხაზინადარმა, რომელიც სპეციალურად იყო მოწვეული საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე დამკვირვებლის სტატუსით. ბატონი ჰიკი დაინტერესდა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის მზადების დეტალებით, მათ შორის, თუ როგორ ვითარდება ოლიმპიური სოფლის მშენებლობის პროექტი და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები. მან ყურადღება გაამახვილა ამ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარების მნიშვნელობაზე, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ევროპის ახალგაზრდობაა. სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოლიმპიური კომიტეტი, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ფესტივალისთვის მზადების პროცესში და გააკონტროლებს დასახული ამოცანების დადგენილ ვადებში შესრულებას.

EOC-ის პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა ბაკურიანში საციგაო ტრასის მშენებლობით და დეტალურად გაეცნო უახლოეს მომავალში ჩასატარებელ სამუშაოებს, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დახმარებითა და საქართველოს ხელისუფლების თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. ბატონმა ჰიკმა კიდევ ერთხელ უდიდესი გულისტკივილით გაიხსენა ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი და ხაზი გაუსვა ტრასის მშენებლობის უდიდეს მნიშვნელობას ქვეყანაში საციგაო სპორტის შემდგომი განვითარების მიზნით და ნოდარის სახელის უკვდავსაყოფად.

რასაკვირველია, შეხვედრის ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხი ჭიდაობის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან შესაძლო ამოღებას ეხებოდა. ბატონი ჰიკი კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად აქტუალური თემაა ჭიდაობის გარშემო წამოჭრილი პრობლემები ჩვენს ქვეყანაში სპორტის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. საბოლოო გადაწყვეტილებას სოკ-ის წევრები მიიღებენ 125-ე გენერალურ ასამბლეაზე ბუენოს-აირესში (არგენტინა) 2013 წლის სექტემბერში. EOC-ის პრეზიდენტსა და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შორის შეხვედრისას ასევე საუბარი გაიმართა სოკ-ის გენერალური ასამბლეის დღის წესრიგის მთავარ საკითხზე _ სოკ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევნებზე. ამ პოსტზე იკვეთება 3 კანდიდატურა, ესენია: თომას ბახი _ გერმანიის სპორტის ოლიმპიურ სახეობათა კონფედერაციის დამფუძნებელი პრეზიდენტი, სოკ-ის აღმასკომის საპატიო წევრი და მისი იურიდიული კომისიის თამჯდომარე; პუერტო-რიკოელი რიჩარდ კერიონი _ სოკ-ის ფინანსური კომისიის ხელმძღვანელი და სინგაპურელი სერ მიანგი, რომელსაც ასევე კარგი რეპუტაცია აქვს სოკ-ის წევრებს შორის.

შეხვედრის დასასრულს ეოკ-ების პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა მამუკა ხაბარელს და სეოკ-ის ახალ ხელმძღვანელობას ქვეყანაში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის შემდგომი განვითარების საქმეში და განაცხადა, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტები და მისი ხელმძღვანელობა, თავად ბატონი პატრიკი, მზად არის ნებისმიერ დროს უმასპინძლოს რომში, EOC-ების შტაბ-ბინაში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და სეოკ-ის ახალარჩეულ სხვა ხელმძღვანელებს.