ბულგარელთა პროტესტი და მხარდაჭერა ჭიდაობას

21 თებერვალი 2013

ჭიდაობის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან შესაძლო ამოღებას ვეტერანი სპორტსმენებიც აპროტესტებენ. ახლო წარსულში ცნობილმა ბულგარელმა მოჭიდავემ, თავისუფალ სტილში ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ვალენტინ იორდანოვმა გადაწყვიტა ოქროს მედალი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დაუბრუნოს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატოს.

იორდანოვი ამჯამად ბულგარეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია. სოფიაში საგანგებო პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ეს ჯილდო მისთვის უძვირფასესია, თუმცა მაინც აპირებს ოქროს მედალი პირადად სოკ-ის პრეზიდენტს ჟაკ როგს გადასცეს.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი არმენ ნაზარიანი და ვერცხლის პრიზიორი სერაპჰიმ ბარზაკოვი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის მედლების დაბრუნებას არ აპირებენ, თუმცა მათ ვალენტინ იორდანოვს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მზად არიან სოკ-ის აღმასკომის ეს სკანდალური გადაწყვეტილება შიმშილობით გააპროტესტონ.