შავდათუაშვილის დაბრუნება და ქართველთა ტრიუმფი დიუსელდორფში

24 თებერვალი 2013

დიუსელდორფის "დიდი პრიზის" გათამაშება ქართველი ძიუდოისტებისათვის წარმატებული გამოდგა. პარიზის "დიდი სლემის" შემდეგ ჩვენმა კიმონოისტებმა დიუსელდორფის პრესტიჟულ ტურნირზე გადაინაცვლეს და თავიც გამოიჩინეს. უპირველესად ქართველ გულშემატკივართა ყურადღებას ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იპყრობდა, რომელიც ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ტატამს სწორედ გერმანიაში დაუბრუნდა და არცთუ ურიგოდ. შავდათუაშვილი (66კგ) ჰოლანდიელი, კორეელი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამაჯერებელი ძლევით ნახევარფინალში გავიდა, სადაც იაპონელ მასაში ებინუმასთან დამარცხდა. შეგახსენებთ, ეს ის ებინუმაა ლაშამ ლონდონში ბრწყინვალე გდებით ბეჭებზე, რომ გააკრა, ამჯერად შებოჭვაზე მოყვა და თავი ვეღარ დაიძვრინა. ბრინჯაოს მედლისთვის შავდათუაშვილს თანამემამულე შალვა ქარდავასთან უნდა ეჭიდავა, მაგრამ ახლადმოშუშებული ტრამვის გამიზეზების შიშით სამწვრთნელო შტაბმა აღარ გარისკა და ლაშამ თანაგუნდელს III ადგილი ტატამზე გაუსვლელად დაუთმო.

ამირან პაპინაშვილი (60კგ) ნახევარფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა, დაამარცხა რა ბელგიელი, ყაზახი და სლოვენიელი ძიუდოისტები. ფინალში გადასასვლე შეხვედრაში მონღოლ დოლბაატარ განბათს ვერაფერი მოუხერხა, ხოლო კიდევ ერთი ყაზახის აშხატ ტელმანოვის ძლევით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

შეჯიბრების მეორე დღე ჩვენებურთათვის გაცილებით წარმატებული გამოდგა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ლევან წიკლაურმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოწინააღმდეგეებს ბდღვირი ადინეს და დიუსელდორფის დარბაზში შეკრებილ მაყურებელს ქართული ფინალი შესთავაზეს, სადაც ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.

ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ) ქომაგები არც ამჯერად გააწბილა და ისევე როგორც პარიზში, დიუსელდორფშიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა არავის დაუთმო. მან ფინალში ორგზის ოლიმპიურ პრიზიორს, ბრაზილიელ ტიაგო კამილიოს აჯობა. ამავე წონაში ზვიად გოგოჭურმა ბრინჯაო მოიგო.

რაც შეეხება მძშიმე წონას აქ ადამ ოქრუაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც იაპონელ მასარუ მომოსესთან მოეცარა ხელი და ვერცხლის მედალი ირგუნა.

ამრიგად ირაკლი უზნაძის შეგირდებმა დიუსელდორფში გაშლილ ტატამზე ჯამში ორი ოქროს, ამდენივე ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო მამაკაცთა შორის საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

2-3 მარტს მათ წინ ვარშავის "ევროპის ღია პირველობა" ელით.