ედიშერ მაჩაიძე FILA-ს მსაჯთა დეპარტამენტის ინსტრუქტორია

25 თებერვალი 2013

ამ დღეებში ტაილანდში გამართულ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ბიუროს სხდომაზე, სადაც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გადააყენეს, სპორტის ამ სახეობაში არსებული ხარვეზების მოგვარებაზე და განვითარების გზებზე იმსჯელეს. აუცილებლად დასახვეწია წესები, რომელიც გამოკვეთილ პრობლემად მიიჩნევა და სანახაობრივ მხარესაც აამაღლებს, ასევე საჭიროა ჭიდაობის მაქსიმალური პოპულარიზაცია მსოფლიოში.

FILA-ში მსაჯთა დეპარტამენტი (10 კაცის შემადგენლობით) ერთ-ერთ უმაღლესი ორგანოა, რომელსაც ბიუროს წევრები ფარული კენჭისყრით ირჩევენ. ტაილანდში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ფაქტი მოხდა: ფილა-ს ბიურომ აღნიშნულ დეპარტამენტში ძირეული ცვლილებები განახორციელა და თითქმის ახალი შემადგენლობა 4 წლის ვადით დაამტკიცა, სადაც ასევე არჩეულ იქნა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ედიშერ მაჩაიძე.

მსაჯთა დეპარტამენტზე სამომავლოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მისი უშუალო მოვალეობაა არბიტრთა კვალიფიკაციის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და კონტინენტალური ჩემპიონატების მაღალ დონეზე ჩატარება, კომპეტენციის ფარგლებში კონფერენციების მოწყობა და ა.შ.

"ეს ჩემთვის დიდი პატივია, რადგან ქართული სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა საერთაშორისო ფედერაციაში ამ დონეზე საქართველოს წარმომადგენელი ჰყავდეს. ბუნებრივია, ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო არენაზე ჭიდაობაში ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტის ზრდასაც.

ვფიქრობ, წარმოუდგენელია ჭიდაობა ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღონ. ვთანხმდებით, რომ საქმე აქამდე მიიყვანა FILA-ს ყოფილი პრეზიდენტის შეცდომებმა და გაუაზრებელმა მოქმედებებმა, რასაც თვითონაც აღიარებს. მარტინეტიმ ვერ გათვალა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე საჭირო იყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. იმედია, სოკ-ი მიიღებს ისტორიულად გამართლებულ გადაწყვეტილებას და ჭიდაობას ოლიმპიადის პროგრამიდან არ ამოიღებს" - აღნიშნა ედიშერ მაჩაიძემ.